სამაშველო ოპერაციისას დაღუპულმა ადამიანებმა, ჩვენი დროის გმირობის ახალი ისტორია დაწერეს და სიცოცხლის ბოლომდე ისინი ღირსეულად ემსახურნენ ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების მედლით – "სამოქალაქო თავდადებისათვის" დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მინდა, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, ჩვენმა ქვეყანამ ექიმების, მფრინავების და მაშველების სახით დაკარგა ღირსეული მოქალაქეები, ადამიანები, რომლებიც პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას და ტრაგიკულად დაიღუპნენ.
ეს ადამიანები ჩვენი თანამედროვეობის გმირები არიან. სიმამაცისა და პროფესიული თავდადების შესახებ მათ უამარავი ისტორია უკავშირდებათ, ეს უანგარო თავდადება ჩვენთვის და მომავალი თაობისთვის სამაგალითოა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისადმი რწმენას. ფასი, რომელიც მათ გაიღეს, ძალიან დიდია, მოვუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ მათ ხსოვნას. გულითადად მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობის სამაგალითო და თავგანწირული ქმედებისთვის, მედლით სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოოს გუდაურში ამ სამაშველო ოპერაციისას დაღუპული გმირები. მინდა, კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო დაღუპულთა ხსოვნის წინაშე და მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს მათი აღზრდისთვის" – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა 29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ეკიპაჟის წევრები, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის, მედლით "სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა.