საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ღიად აცხადებს, რომ ამერიკის მხრიდან ზეწოლას უნდა გაუძლონ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩინეთ-ტაივანის ომის თემაში ამერიკის მიმდევრები არ უნდა გახდნენ. ანუ, ევროკავშირის ლიდერები გამოდიან და ამბობენ, რომ ამერიკის ზეწოლის ქვეშ არიან. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ერთი წლის წინ, როდესაც ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი არ მოგვცეს, ესეც სწორედ ამერიკის ზეწოლის შედეგი იყო, - ამის შესახებ გადაცემაში "პოლიტიკური პოსტი" "ხალხის ძალის" წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.
მან სამი მოქმედი და ერთი ყოფილი ქართველი მოსამართლისთვის აშშ-ის მხრიდან ფაქტების გარეშე კორუმპირებულის წოდებასა და მათთვის სანქციების დაწესებაზე ისაუბრა. ჩიბურდანიძემ ამას აშშ-ის მხრიდან მართლმსაჯულებისთვის თვალების ახვევა უწოდა.
"სამი მოქმედი და ერთი ყოფილი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესება ამერიკისთვის ბოლო პერიოდში პირველი უსუსტესი პოლიტიკის გატარების ღია ფაქტი იყო, იმიტომ, რომ ამერიკის განცხადება ყოველთვის გამყარებული იყო ფაქტებითა და არგუმენტებით. რა დონეზე დავიდა მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომ უარგუმენტოდ, ფაქტების გარეშე გამოიტანეს გადაწყვეტილება და სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს სანქციები დაუწესეს. სასამართლო - ეს არის ხელშეუხებელი სისტემა. სასამართლო არ არის პოლიტიკური ხელისუფლება - მათ ეს ძალიან კარგად იციან. მაგალითად, ევროპულ სახელმწიფოებში, ასევე ამერიკაში, მოსამართლე ბევრად უფრო მაღალი სტატუსია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობა. წარმოიდგინეთ, რა დონეზე გაილაშქრეს სასამართლოს წინააღმდეგ, რომ ეს აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს.
მე კონკრეტულ მოსამართლეებზე არ ვსაუბრობ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, იმ მოსამართლეს რა ერქმეოდა. ჩემთვის მთავარია, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცია დაუწესა (მართალია, დღეს ამ სიტყვის ხსენება აღარ სურთ და უნდათ, ძალიან რბილად თქვან, რომ სავიზო მიმოსვლა შეეზღუდათ, მაგრამ არა - სანქცია დაუწესა!) ჩვენს მოსამართლეებს. ამერიკელებმა იმ დღეს მართლმსაჯულებას ნამდვილად აუხვიეს თვალები. ამან კიდევ ერთხელ ცხადყო დღევანდელი ამერიკული პოლიტიკის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. როდესაც დასავლეთის დღევანდელ პოლიტიკას ვაკრიტიკებთ, ვიღაცას ჰგონია, რომ ჩვენ სახელმწიფოებს ვებრძვით. არა, ჩვენ გვსურს პარტნიორობა ამერიკასთან, ევროპულ სახელმწიფოებთან - ეს კურსი არის ჩვენი არჩევანი. მაგრამ, ჩვენ არ გვსურს თანამშრომლობა ასეთ პოლიტიკასთან. ეს არის ის ვასალური პოლიტიკა, რომელსაც დღეს ამერიკა საქართველოს მიმართ აწარმოებს და რომლის წინააღმდეგაც პირადად ჩვენ გამოვდივართ", - განაცხადა ჩიბურდანიძემ.