თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვების რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge-ზე წარიმართება.
"დაახლოებით, 16 000 ადგილი გვაქვს და სწორედ ამ ე.წ. ვაკანტურ ადგილებზე იქნება შესაძლებელი აპლიკაციებს შევსება. ჩვენ გადავწიეთ თარიღი და როგორც სკოლებში, ისე საჯარო ბაღებში, ვისაც 2 წელი 30 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება, რეგისტრაცია მათაც შეეძლებათ", - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
მისივე თქმით, რეგისტრაციის პირველი ეტაპი 3 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება და 10 ივნისამდე გაგრძელდება.
ამ პერიოდში რეგისტრაციას პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები შეძლებენ. ეს კატეგორიებია: ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა), სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები, დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი), მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები, მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი), სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები. ასევე, რეგისტრაციის პერიოდში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები).
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაციისთვის, საჭირო დოკუმენტაცია (ბავშვის დაბადების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობები - ფორმა 100/ფორმა 50) ბაღის ნომერი და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია მშობლებმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: skolamdeliregistracia2023@gmail.com უნდა გაგზავნონ.
ელექტრონული ფოსტის ამავე მისამართზე - skolamdeliregistracia2023@gmail.com სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მოქალაქეების შვილების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები (ცნობა თავდაცვის სამინისტროდან, ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის დამადასტურებელი ცნობა, ინფორმაცია სასურველი ბაღის შესახებ და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია) მიიღება.
მეორე ეტაპის რეგისტრაცია 10 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად შეძლებს.
რეგისტრაცია ადგილების შევსებამდე გაგრძელდება, ხოლო იმ აღსაზრდელების მშობლებს, რომლებიც ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში ვერ შეძლებენ, შესაძლებლობა ექნებათ, 13 ივნისიდან ამავე ბაღში განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის შესახებ წარადგინონ.
ამასთან, თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის გამარტივებული წესით უკრაინის მოქალაქე აღსაზრდელები კვლავ ისარგებლებენ, რომელთაც შესაბამისი დოკუმენტაციით სასურველ ბაღს ან ბაღების მართვის სააგენტოს უნდა მიმართონ.