თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებასთან ერთად, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ღონისძიება "წლის მკითხველი 2022" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტი საბიბლიოთეკო სერვისების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, ყოველწლიურად ჩატარდება და საბიბლიოთეკო სერვისების აქტიური მკითხველები დაჯილდოვდნენ.
ამასთან, როგორც თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, ღონისძიების მიზანია მკითხველთა წახალისება და წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.
"პირველ რიგში მადლობა ბიბლიოთეკების გაერთიანებას, რომელთან ერთადაც ეს ღონისძიება დაიგეგმა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც დედაქალაქის ბიბლიოთეკებით სარგებლობს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამ პროექტის მიზანი სწორედ წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და მკითხველთა წახალისებაა.
ჩვენი დიდი სურვილია, პროექტი "წლის მკითხველი" ყოველწლიური გახდეს. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი იდეაც გაჩნდა: დაარსდეს ქართული წიგნის დღე. ასეთ დღედ სიმბოლურად 14 ივლისი მოვიაზრეთ. 14 ივლისს არის ნოდარ დუმბაძის, ვაჟა-ფშაველას და ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღე. ვფიქრობთ, სწორედ ქართული წიგნის დღეს მოხდეს ხოლმე „წლის მკითხველის“ გამოვლენა და დაჯილდოება",- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
დედაქალაქის საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელ ღონისძიებაზე თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ყველაზე აქტიური 35 მკითხველი დააჯილდოვეს, რომლებსაც სპეციალური საჩუქრები და დიპლომები გადასცეს.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრები, საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი მარიკა დარჩია, ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების ხელმძღვანელები, თბილისის მერიის, საკრებულოსა და საბიბლიოთეკო გაერთიანების წარმომადგენლები, გამომცემლები და ავტორები დაესწრნენ.