"თბილისობის" დღესასწაული, ორწლიანი პაუზის შემდეგ, პირველ და 2 ოქტომბერს გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, "თბილისობის" ღონისძიებები რიყის პარკში და ლეღვთახევში, ასევე, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედანზე აღინიშნება.
"პანდემიის გამო, ვერ მოვახერხეთ "თბილისობის" ჩატარება. რთული პერიოდი გამოვიარეთ, თუმცა, წელს გვაქვს შესაძლებლობა, გარკვეული ღონისძიებები ჩავატაროთ. იქნება ინსტალაციები, გამოფენები, კონცერტები, სამეწარმეო და გასტრონომიული ბაზრობები, სპორტული და საბავშვო აქტივობები", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, გალაკონცერტი ევროპის მოედანზე პირველ ოქტომბერს, 19:30 საათზე გაიმართება.
"გელოდებით ყველას, მობრძანდით, ერთად აღვნიშნოთ "თბილისობა". რაც შეეხება საპატიო თბილისელების დაჯილდოებას, ღონისძიება გაიმართება 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში. "თბილისობის" სრული პროგრამა განთავსებულია მერიის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის", - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მთავარი დღესასწაული - "თბილისობა 2022" მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება.
"თბილისობის" სრული პროგრამის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.