"საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა 8 მარტს დაიწყება", -აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე.
„კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ყველა იმ პირის სია, რომლებმაც კოვიდი ბოლო ორი თვის განმავლობაში თბილისში გადაიტანეს. ამ სიიდან, დღეიდან, შემთხვევითი შერჩევითი პრინციპით, კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ჩვენი მკვლევარი მოქალაქეს დაუკავშირდება და კლინიკაში კვლევაში ჩასართავად მოიწვევს. ჩვენ მოვიწვევთ ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს. კვლევის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ დავადგინოთ პოსტკოვიდური სინდრომი რამდენ პროცენტს აღმოაჩნდება, რამდენს არა. რამდენი იქნება ქალი და რამდენი კაცი, როგორი იქნება ასაკობრივი განაწილება. ვის აღმოაჩნდება უფრო ხშირად, ის, ვინც ჰოსპიტალში იყო და გადაიტანა თუ ის, ვინც ბინაზე იყო და იქ გადაიტანა. პაციენტებს უკვე ორშაბათიდან, 8 მარტიდან მივიღებთ“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მონაცემების სარწმუნოობისთვის 400 კოვიდგადატანილი მოქალაქეც საკმარისია, თუმცა, 500 პაციენტის კვლევა იგეგმება.