თერაპევტებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის სამინისტროს დამსაქმებლებთან მედიაციის დანიშვნის მოთხოვნით მიმართეს. ამასთან, ისინი ანაზღაურების გაზრდასაც ითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, დედაქალაქის მერია "აუტიზმის სპექტრის ბავშვების პროგრამის" ფარგლებში პროვაიდერ დაწესებულებებს 20 ლარს ურიცხავს, საიდანაც თერაპევტზე საათში მხოლოდ 6-8 ლარია გათვალისწინებული.
თერაპევტების თქმით, ანაზღაურება წლებია არ შეცვლილა და "ძალიან ბევრი სესიის ჩატარება უწევთ, რომ გადარჩნენ".
"ორი სხვადასხვა პროვაიდერ ცენტრზე შევიტანეთ განცხადება, რომელიც მერიის პროგრამის ქვეკონტრაქტორია "აუტიზმის სპექტრის ბავშვების პროგრამის" ფარგლებში. დედაქალაქის მერია 20 ლარს აძლევს თითო ბავშვზე კერძო პროვაიდერებს, პროვაიდერები კი ანაწილებენ სესიების მიხედვით. თერაპევტი დაახლოებით, 6-8 ლარს იღებს საათში. ეს რას ნიშნავს?! ძალიან ბევრი სესიის ჩატარება უწევთ, რომ გადარჩნენ. შესაძლოა, შვებულებაც კი არ ჰქონდეთ ანაზღაურებადი. დეკრეტული შვებულებაც არ აქვთ. არასტაბილური პროფესია აღმოჩნდა და ბევრი ტოვებს. ხელფასი წლებია არ იცვლება. შრომის დავას ვიწყებთ ორ ცენტრთან - ცენტრ "გამასა" და "საქართველოს ბავშვებთან", გვინდა მერია ამ დავაში ჩაერთოს", - აღნიშნა სოლიდარობის ქსელის დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ.