28.11.2024 | 16:45
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თორნიკე შარაშენიძე: "რუსეთში ფიქრობენ და ალბათ, მართებულადაც, რომ თუ უკრაინაში ტაქტიკურ-ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ, ეს მესამე მსოფლიო ომში არ გადაიზრდება"

რუსეთში შეიძლება ფიქრობენ და ჩემი აზრით, მართებულადაც, რომ თუკი ისინი რაღაც მომენტში ტაქტიკურ-ბირთვულ იარაღს უშუალოდ ბრძოლის ველზე, უკრაინის ტერიტორიაზე გამოიყენებენ, ეს მესამე მსოფლიო ომში არ გადაიზრდება, - ამის შესახებ GIPA-ს პროფესორმა, საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა.

შარაშენიძის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ტაქტიკურ-ბირთვულ იარაღის გამოყენების გამო ამერიკის შეერთებული შტატები თავის თავსა და მსოფლიოს არ გაწირავს და არ დაიწყებს მესამე მსოფლიო ომს და "რაკეტას პირდაპირ, უშუალოდ მოსკოვს არ ესვრის".

"არც აქვს ამერიკას ვალდებულება, რომ უკრაინას პირდაპირ, თავისი შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს და მეორეც, ამერიკული საზოგადოებრივი აზრი ნამდვილად ვერ გაიგებს, რომ ბირთვულ ომში ჩაებას შეერთებული შტატები ან თუნდაც, ამაზე უფრო მძიმე ინტენსიურ ომში ჩაებას ამერიკა რუსეთთან, იმის გამო, რომ ტაქტიკური-ბირთვული იარაღი გამოიყენეს", - განაცხადა საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა.

როგორც შარაშენიძემ დასძინა, ტაქტიკური-ბირთვული იარაღის გამოყენება, რა თქმა უნდა, გამოიწვევს რუსეთის კიდევ უფრო მეტ დისკრედიტაციას, მის კიდევ უფრო მეტად დამძიმებას პოლიტიკურად, მორალურად და "საბოლოო ჯამში დააჩქარებს კიდეც მის მარცხს".

ამასთან, საგარეო პოლიტიკის ექსპერტი გამოეხმაურა უკრაინის მიერ ნატო-ში დაჩქარებული წესით შესვლაზე განაცხადის გაკეთებას და დასძინა, რომ უკრაინის მხრიდან ეს არის წაუგებელი თამაში.

"პროცედურულად, არანაირი დაჩქარებული წესით გაწევრიანება ნატო-ში არ არსებობს და მეორეც, რომ მიიღონ, ავტომატურად მთელი ნატო მოდის რუსეთთან ომის მდგომარეობაში, ისევ და ისევ მესამე მსოფლიო ომს ვიღებთ", - აღნიშნა შარაშენიძემ.

მისივე თქმით, რეალურად, "ჩვენ თითქმის მესამე მსოფლიო ომის პირობებში ვართ, იმიტომ რომ არ დარჩა ქვეყანა, რომელზეც ამ ომმა გავლენა არ იქონია".

დღის გადაცემები