26.11.2024 | 18:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თსუ-ს რექტორი სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათი განცხადებით, სტუდენტებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო თსუ საერთო საცხოვრებელთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, სასწავლო პროცესებსა და სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების წარმომადგენლები.

თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის, ელენე წოწონავას განცხადებით, რექტორთან შეხვედრა სტუდენტების ინიციატივით გაიმართა.

"ბევრი პრობლემა წამოიჭრა, თუმცა მრავალი გადაჭრის გზა და ინიციატივა გამოჩნდა სტუდენტებისგანაც. ვფიქრობ, საინტერესო და პროდუქტიული იყო ეს შეხვედრა. მივიღეთ პრობლემების გადაჭრის გზებზე დაპირებები, დასახელდა კონკრეტული ვადები. ვიმედოვნებთ, რომ ამ ვადების გასვლის შემდეგაც გვექნება მსგავსი შეხვედრა, რომელზედაც ვისაუბრებთ თუ რა გაკეთდა ამ დროის განმავლობაში და რა იქნება კიდევ გასაკეთებელი", - აღნიშნა ელენე წოწონავამ.

სტუდენტებთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება და სტუდენტები ინფორმირებული იქნებიან ყველა დასმული საკითხის მოგვარების გზებზე.

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა გასულ კვირას გამართა პრესკონფერენცია, სადაც თსუ-ის ყველა სტუდენტს და ახალგაზრდულ ორგანიზაციას უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური პრობლემატიკის მოსაგვარებლად გაერთიანებისაკენ მოუწოდა.

მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია სტუდენტებმა ძალადობისა და ექსცესების გარეშე მოითხოვონ სტუდენტური საერთო საცხოვრებლების მშენებლობა, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური განვითარება, ასევე სტუდენტების წინაშე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების აღმოფხვრაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქტიური ჩართულობა.

დღის გადაცემები