იმ შემთხვევაში, თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, უკრაინას შეიარაღებას ისრაელი გადასცემს. ამის შესახებ ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ეიალ ჰულატამ ბახრეინში გამართულ ფორუმზე განაცხადა. ინფორმაციას "უნიანი" ავრცელებს. მანამდე ისრაელის მთავრობა აცხადებდა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ იგეგმება.
რუსეთმა უკვე მიიღო ირანისგან უპილოტო საფრენი აპარატები, კერძოდ კამიკაძე დრონები, რომლითაც უკრაინის ტერიტორიას უტევს. ოქტომბრის ბოლომდე უკრაინელებმა 300 ირანული კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს.
ნოემბრის დასაწყისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას გეგმავს, რომელთა მოქმედების მანძილი 800 კმ-ს აღწევს.
რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელების შემთხვევაში აშშ ირანს დამატებითი სანქციებით დაემუქრა.