ჩვენ ვლოცულობთ მეუფე პეტრესა და სხვა შეცდომილი მოძღვრებისათვის, წყალობა და მშვიდობა განკურნავს მათ, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მირქმის დღესასწაულზე ქადაგებისას.
„ეს არის შეხვედრა ძველისა და ახალი აღთქმისა. ეს არის შეხვედრა ადამიანისა და ღმერთისა.
ადამიანის ცხოვრება მუდმივი განსაცდელია. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი გვაძლევს ძალას, მოთმინებას, სიყვარულს, რომ დავძლიოთ ეს განსაცდელი.
თქვენ იცით, რომ ამ ბოლო დღეებში დიდი განსაცდელი იყო ეკლესიაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა განსაცდელი ეძლევა ადამიანს, ძალაც ეძლევა, მადლიც ეძლევა.
მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ მოხდა განსაცდელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარი ცოდვა არ აღემატება ღვთის წყალობას. სინანული და აღსარება კურნავს ადამიანს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სინანული დაისადგურებს ჩვენს გულებში, ჩვენს გონებაში და მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილი დაბრუნდება, უძღები შვილის მამა გადიოდა გზაზე და ელოდებოდა თავის შვილს, ასევე ველოდებით ჩვენც შეცდომილ შვილებს. ყველას გილოცავთ დღესასწაულს!- განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.