მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან იმერეთში. ძლიერმა ქარმა ქუთაისსა და რამდენიმე მუნიციპალიტეტში შენობებს სახურავები გადახადა, წაქცეულია ხეები, რის გამოც რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეფერხებულია. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი არ მიეწოდება. გუშინ, ხის წაქცევის შედეგად ვანში, ორი ადამიანი დაშავდა.
იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, წუხელ ძლიერი ქარის გამო 69 შენობა და ათამდე ავტომანქანა დაზიანდა.
"იმერეთის რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში იყო ძლიერი ქარი. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურები. არის რიგი მუნიციპალიტეტები, რომელსაც არ მიეწოდება ელექტროენერგია, ქუთაისში 3 000-მდე აბონენტს წყალი არ მიეწოდება. ჩართულია ყველა სამსახური, ვცდილობთ, მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოვფხვრათ აღნიშნული პრობლემები. პარალელურად ხდება ზარალის დათვლა, წინასწარ ციფრებზე ვერ ვისაუბრებთ", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.