24.11.2024 | 21:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირაკლი კობახიძე: "მილიონი ამომრჩევლისთვის ეს ტიპაჟები - აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი ორგანულად მიუღებელია"

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმ მიზეზებს ასახელებს, რატომაც არ დაუჭირა მხარი არასამთავრობოების მიერ დასახელებულ ომბუდსმენობის კანდიდატებს.

კობახიძის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ "ქართული ოცნების" მილიონიანი ამომრჩევლისთვის აბაშიძე-ბურჯანაძე-ჯანეზაშვილის კანდიდატურები ორგანულად მიუღებელია.

მან მოუწოდა ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს წარმოადგინონ ისეთი კანდიდატები, რომლებიც ამომრჩევლისთვის მისაღები იქნება.

"ოპოზიციამ მხარი დაუჭირა სამ კანდიდატს - ეს იყო აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი. აქედან, ჯანეზაშვილმა ვერც კი გაბედა გასაუბრებაზე მისვლა. არადა, შეგახსენებთ, რომ ჯანეზაშვილს 10 ქულა დაუწერეს კომპეტენციაში. ადამიანი, რომელიც ვერანაირ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, კომპეტენციის ნაწილში იღებს 10 ქულას და რა ფასი უნდა ჰქონდეს ასეთ დასკვნას?! - ბუნებრივია, აქვს ნულოვანი ფასი. რაც შეეხება აბაშიძეს, მან მაგალითად, იგივე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს უწოდა "არაკომპოსტირებადი ნარჩენი". როდესაც ასეთი განცხადების შემდეგ, მხარს უჭერ ასეთ კანდიდატს, გამოდის, რომ მართლა არაკომპოსტირებადი ნარჩენი ხარ და ამას ჩვენ ვერ დავუშვებდით. ამიტომ, გამორიცხულია, რომ აბაშიძისთვის ღირსეულ დეპუტატს დაეჭირა მხარი.

ბურჯანაძეს რაც შეეხება, მე შეგახსენებთ, რომ ის მოწოდებებს ავრცელებდა აქციაზე გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც იყო მთლიანად პოლიტიზებული, მიზნად ისახავდა წალეკვას, მიზნად ისახავდა მთავრობის გადაყენებას. როდესაც სახალხო დამცველის მოადგილე პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ აქციებში, იქ კეთილსინდისიერებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ერთ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არის, რომ ჩვენ უკან დგას მილიონი ამომრჩეველი და ამ მილიონი ამომრჩევლისთვის და კიდევ უფრო მეტისთვის ეს ადამიანები, ეს ტიპაჟები - აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი, არიან ორგანულად მიუღებელი. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ, პირველ რიგში, ჩვენს ამომრჩეველს. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც იქნება მისაღები, მათ შორის, ჩვენი მილიონი ამომრჩევლისთვის. კეთილი ინებონ, შემოგვთავაზონ ისეთი კანდიდატების მხარდაჭერა, რომელიც მისაღები იქნება, პირველ რიგში, ჩვენი მილიონი ამომრჩევლისთვის, ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ნებისმიერი კანდიდატის მხარდაჭერაზე", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისი შედგეს.

"ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, იმედია მოხერხდება კონსენსუსის მიღწევა თებერვლისთვის, იანვარში გვაქვს დრო და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კონსენსუსი იქნას მიღწეული. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მარტივი, იქნება რთული, მაგრამ ჩვენი მხრიდან არ დავიშურებთ ძალისხმევას", - განაცხადა კობახიძემ.

დღის გადაცემები