დღის სიახლეები
ირაკლი კობახიძე ოპოზიციასთან დაკავშირებით: "შეიძლება, საკუთარ საგამოძიებო კომისიას გამოკრან ხელი, რომელიც მოახდენს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების სისტემატიზაციას"
ირაკლი კობახიძე ოპოზიციასთან დაკავშირებით: "შეიძლება, საკუთარ საგამოძიებო კომისიას გამოკრან ხელი, რომელიც მოახდენს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების სისტემატიზაციას.
როცა საქმე ეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაც მათი [ოპოზიციის] ინიციატივაა დღეს, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მგონი, საბოლოო ჯამში, ისინი ხელს გამოკრავენ საგამოძიებო კომისიის შექმნას მათ წინააღმდეგ - კოლექტიური "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ.
თუ წარმოვიდგენთ ამ პროცესს, სინამდვილეში, მათ კრიმინალს სჭირდება არა გამოძიება, არამედ სისტემატიზაცია. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა დანაშაულები აქვთ მათ ჩადენილი, უბრალოდ, საჭიროა სისტემატიზაცია, მაგალითად, იმისა, თუ რომელი ადამიანების სიცოცხლე შეეწირა "ნაცმოძრაობის" კრიმინალურ საქმიანობას 9 წლის განმავლობაში, რომელი ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირა, ვისი წამება მოხდა, არაადამაინური მოპყრობა ვის მიმართ განხორციელდა, ვის წაართვეს ბიზნესი, ვის ჩამოართვეს ქონება, ვინ გაძარცვეს კეზერაშვილმა, სააკაშვილმა, ადეიშვილმა და სხვებმა, როგორ ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას ტერიტორიები.
რა მოხდა 7, 8, 9 აგვისტოს? - ეს ხომ ყველამ იცის. საკმარისია, უბრალოდ, აიღოთ მაშინდელი ტელევიზიები - მაგალითად, "რუსთავი - 2" ყველაზე ინტენსიური გამშუქებელი იყო იმ პროცესების და მათი მთავარი რუპორი იყო. "იმედიც" მათ საკუთრებაში იყო მაშინ. ელემენატრულად, აიღეთ უწყვეტი კადრი 7-დან 9 აგვისტოს ჩათვლით და ყველა ძალიან კარგად გაიხსენებს, რა დანაშაული აქვთ მათ ჩადენილი საკუთარი ქვეყნის წინაშე, რა ავანტიურა ჰქონდათ დაგეგმილი 7, 8, 9 აგვისტოს".
კითხვაზე, - რა ფორმით შეიძლება, გამოკრას ხელი ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნას და განიხილება თუ არა ეს საკითხი "ქართულ ოცნებაში", მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განცხადა:
"არაფერს გამოვრიცხავ. დაველოდოთ. ათი წელია გასული მათ მიერ ამ დანაშუალების ჩადენიდან - მადლობა ღმერთს, მათ აღარ შეუძლიათ ხელისუფლების პოზიციებიდან ასეთი დანაშაულების ჩადენა. ხალხმა ამოისუნთქა, ბიზნესმა მოიპოვა თავისუფლება, ციხეებში 2.5-ჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, ადამიანები გათავისუფლდნენ იმ წნეხისგან, რომელიც ადეიშვილი-სააკაშვილის სასამართლოს მხრიდან ჰქონდათ და ა.შ. მაგრამ, ათი წელია გასული, რაც ნიშნავს იმას, რომ ემოციურ დონეზე მაინც, თითოეულ ჩვენგანს, საზოგადოებას ავიწყდება ის დანაშაულები, რაც მათ მიერ იქნა ჩადენილი. შესაბამისად, ათი წლის თავზე, შეიძლება, კარგი დრო იყოს იმისათვის, რომ, უბრალოდ, გავახსენოთ ეს საზოგადოებას. მათ შორის არიან, პირობითად, 20 წლის ახალგაზრდები, რომლებიც ათი წლის წინ იყვნენ 10 წლის და საერთოდ არ უნახავთ ეს წლები, არ ახსოვთ, რა ხდებოდა "ნაცმოძრაობის" დროს. შეიძლება, ათი წლის თავზე იყოს ზუსტად იდეალური დრო იმისათვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავახსენოთ, რა მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი "ნაციონალურ მოძრაობას".
პატარა ნიურბერგი ამ ადამიანებისთვის შეფასება-შეხსენების დონეზე: საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, მე მგონია, რომ ეს ყველაფერი სისტემატიზაციის დონეზე უნდა გავაკეთოთ და ამის დრო, ალბათ, დადგება. ვნახოთ, შევხედოთ, როგორ განვითარდება პროცესები, მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათ შეიძლება გამოკრან საკუთარ საგამოძიებო კომისიას ხელი, რომელიც მოახდენს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების სისტემატიზაციას".
მსგავსი
დღის გადაცემები