პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ალბათობა დიდია, თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოპოზიცია დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯებს გადადგამს.
როგორც კობახიძემ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც პოლარიზაციის მაღალი ხარისხია, უმჯობესია ბარიერი მაღალი იყოს, სადაც არის პოლარიზაციის დაბალი ხარისხი, იქ შესაძლებელია საუბარი დაბალ ბარიერზე.
"საკონსტიტუციო ცვლილებები არის სუფთა პოლიტიკური საკითხი. ეს არის ის თემა, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტას გულისხმობს და ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის მხრიდან გადაიდგმება ნაბიჯები დეპოლარიზაციის მიმართულებით, ერთი მარტივი მიზეზის გამო - სადაც არის პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, უმჯობესია, იყოს მაღალი ბარიერი, სადაც არის პოლარიზაციის დაბალი ხარისხი, იქ შესაძლებელია დაბალი ბარიერი. არავითარი სხვა პირობა არ არსებობს. ჩვენ ვთქვით, რომ საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად, დავუბრუნდებოდით ამ კანონპროექტის განხილვას. არავითარი პირობა, რომ ამ ცვლილებებს მივიღებდით, არ თქმულა. შანსი იმისა, რომ ეს კანონპროექტი მივიღოთ, ძალიან მაღალია, თუმცა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად გადადგამს ოპოზიცია ნაბიჯებს დეპოლარიზაციისკენ", - განაცხადა კობახიძემ.