საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გარდაცვლილი ოპერატორის საქმეს და მედიის პროტესტს გამოეხმაურა. პრემიერის შეფასებით, 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები იყო მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ.
„ვნახეთ, რომ სცადეს ეს ტრაგედია გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით დაიღუპა ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება მთელი სიმკაცრით დასჯილი. პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი, რომელიც მისი ცემის საქმეში იყო ჩართული. მინდა განვაცხადო კიდევ ერთხელ, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი. ჩვენ ვგმობთ, ყოველთვის დავგმობთ და ხელს შევუშლით ნებისმიერ ძალადობას ქვეყანაში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.