ქორწილების, ქელეხებისა და მასობრივი გასართობი ღონისძიებების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა იკრძალება. შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა. ცვლილებებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შემზღუდავ ღონისძიებებს, ამის ერთადერთი მექანიზმი არის რეგულაციების დაცვა. პირბადის სწორად ტარება, ყველა ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისგან, მათ შორის სოციალური ღონისძიებების ორგანიზებისგან თავის შეკავება - ეს ის ელემენტარული დათმობებია, რომელზეც ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გამო უნდა წავიდეთ, მანამ ვიდრე ვაქცინაცია დაგვიცავს. მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.