დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - "9 ნოემბერს, 17:00 საათზე ვიკრიბებით ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე!"
"პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ პარტია უწყვეტ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს მანამ, ვიდრე "ქართული ოცნება" ხელახალ არჩევნებს არ დანიშნავს. ირმა ინაშვილმა "ოცნების" მხრიდან მათ წინააღმდეგ დაწყებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზეც ისაუბრა, რომლის მიზანია, დათესოს აზრი, თითქოს "პატრიოტთა ალიანსი" სააკაშვილ-ბოკერიასთან და სხვა პარტიებთან ერთად მოქმედებს. პარტიის გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "პატრიოტთა ალიანსი", როგორც ყოველთვის, დამოუკიდებლად მოქმედებს და სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს, პერმანენტული ფართომასშტაბიანი აქციების ციკლის დაწყება არა თბილისიდან, არამედ ქუთაისიდან. ირმა ინაშვილმა პარტიის მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს 9 ნოემბერს, 17:00 საათზე, ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქციაზე მისვლისაკენ მოუწოდა. გარდა ამისა, პარტიის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც თბილისიდან ქუთაისში წასვლის სურვილი აქვთ, 9 ნოემბერს, პირველი საათიდან რესპუბლიკის მოედანზე განთავსებული მიკროავტობუსები მოემსახურებიან.
"კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა! როდესაც ყალბდება არჩევნები ქვეყანაში, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამომრჩევლისთვის ხმის წართმევაა! ეს ყველაფერი კი, ყველა მოქალაქემ უნდა გააპროტესტოს! ჩვენ დასაწყისშივე განვაცხადეთ, რომ ვიმოქმედებთ: ერთი მხრივ, სამართლებრივი გზით - საჩივრდება უამრავი ოქმი და მეორე მხრივ, ვიმოქმედებთ საპროტესტო აქციების გზით! "ქართული ოცნება" ამასობაში ჩვენს წინააღმდეგ რთავს პროპაგანდისტულ კამპანიას! თითქოს ჩვენ არ ვმოქმედებთ მარტო! ის ერთი მხრივ, ცდილობს დათესოს აზრი, თითქოს ჩვენ ვმოქმედებთ სხვა პარტიებთან ერთად, ანუ სააკაშვილ-ბოკერიასთან და სხვა პარტიებთან, მეორე მხრივ, ცდილობს დათესოს აზრი, თითქოს ჩვენ რუსეთის ძალების დახმარებით ვაპირებთ დესტრუქციულ ქმედებებს, რაც არის სრული აბსურდი! ამის პარალელურად ინერგება აზრი, თითქოს რაღაც უკანონო და ბანდიტურ მოქმედებებს ვგეგმავთ! სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენმა პოლიტსაბჭომ იმსჯელა და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი აქცია ჩავატაროთ არა თბილისში, არამედ დავიწყოთ აქციების ციკლი ქუთაისიდან!
პირველი აქცია ჩატარდება ქუთაისში, ნაცვლად თბილისისა, შემდეგი აქციები ჩატარდება სხვა ქალაქებში და გადმოვინაცვლებთ თბილისში! პირველ აქციას პატრიოტთა ალიანსი" გამართავს ქუთაისში 9 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე დავით აღმაშენებლის მოედანზე, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ! ქუთაისშივე გამოვაცხადებთ ჩვენი მოქმედების გეგმას, თუ სად ჩატარდება მასშტაბური აქციები! მინდა ჩვენს საზოგადოებას, რომელიც გვიერთდება და მთელი დღის განმავლობაში არ წყდება ჩვენთან ზარები მივმართო და ვუთხრა, რომ თბილისიდან წამომსვლელები, ვინც არიან და გაქვთ სურვილი, რომ ქუთაისში ჩვენს აქციაში მიიღოთ მონაწილეობა, 9 ნოემბერს, პირველი საათიდან რესპუბლიკის მოედანზე იდგება მიკროავტობუსები და თქვენ შეძლებთ წამობრძანდეთ და მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს საპროტესტო აქციაში! ცხადია აქციის დროს დაცული იქნება დისტანცია, ყველანაირი წესი და სტანდარტი! ჩვენი მხარდამჭერები აქციაზე ნიღბებით იქნებიან!" - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მსგავსი
დღის გადაცემები