"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"როგორია "ქართული ოცნების" პოლიტიკა? ქვეყანაზე ხელს არ მიგაკარებინებენ, რაიმე ქმედითი, ცოცხალი წვლილი რომ შეიტანო მის კეთილდღეობაში. კი, იცხოვრებ, ყოველდღიურად უყურებ უსაგნო და ცარიელ პროცესს, რასაც ისინი პოლიტიკურ პროცესს უწოდებენ (და რაც სინამდვილეში უსარგებლო ქაოსია), ილაპარაკებ კიდეც, არავინ ზღუდავს შენი აზრის გამოხატვის თავისუფლებას, რასაც, უბრალოდ, ფასი და წონა აღარ აქვს, მაგრამ ვიმეორებ: ქმედით მონაწილეობას ქვეყნისათვის სასიკეთო საქმეებში არ მიგაღებინებენ. თუ ამ საქმის განხორციელებას საკუთარი ინიციატივით დაიწყებ, უმალ ჩათვლიან, რომ მტრობისთვის მოქმედებ და გამყიდველისა და მოღალატის იარლიყსაც გადასარევად მოგაკერებენ. თუმცა, როცა თავად ხვდებიან ამ იარლიყის ქვეშ, საზოგადოებას ახსენებენ, რომ მათ ოჯახები და შვილები ჰყავთ და ასე უდიერად და უპასუხისმგებლოდ მოღალატის იარლიყის მიკერება ადამიანისთვის, თურმე, არ შეიძლება.
აქვე ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ თუ ქვეყნისთვის არა თეორიული, არამედ პრაქტიკული სიკეთის მოტანის მიზანს დაისახავთ, ხელისუფლებაში აუცილებლად გამოჩნდება ადამიანთა ჯგუფი, ვინც ჩანასახშივე გადაწყვეტს თქვენი იდეის მოსპობას. ზურგში დანას კი არა, ნაჯახსაც სიამოვნებით ჩაგარტყამენ. იმ ვითომ ოპოზიციაზე არაფერს ვამბობ. აი, ამას ჰქვია დღეს ქართული პოლიტიკაც, სახელმწიფოს მართვაც, სახელმწიფოებრივი აზროვნებაც და პოლიტიკური პროცესიც. ილაპარაკე, იყავი შენთვის, ქვეყანას ჩვენ მივხედავთ!!! მარტო ჩვენია!!!
და ამასობაში, მე პირადად ვხედავ, როგორ მიხედეს ამ ქვეყანას. ასეთ მძიმე ვითარებაში საქართველო დიდიხანია არ ყოფილა. ლამისაა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის წინაშე ვდგავართ. აგრესიულია ყველა! დიდიც და პატარაც! გაბოროტებულია ყველა! დიდიც და პატარაც! უპატივცემულობა, დაუფასებლობა და უმადურობა გჭამს.
"ქართული ოცნების" 10 წლიანი პოლიტიკური თამაში სააკაშვილის პარტიასა და მის მოკავშირე პოლიტიკურ ჯგუფებთან, ამ უკანასკნელთა გაძლიერებითა და მოღონიერებით დასრულდა და ახლა "ქართულ ოცნებას" სწორედ ის ხალხი უტევს, ვინც სამზარეულოდან ცხვირს ვერ გამოჰყოფდა, რომ არა "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნება. ჰოდა, რაც დათესეს, იმას იმკიან, მაგრამ ქვეყანამ რა დააშავა? გადატრიალების მოწყობა უნდათო, ვინ გატრიალებთ, მეგობრებო, ვინც 2012 წელს უკვე დასრულებული იყო? ვისი წყალობით გაცოცხლდა ეს ჯგუფი? მე, ჩემი მეგობრები და ჩვენნაირები პირნათელნი ვარ. ვინც გააცოცხლა, ის არაა პირნათელი და ის არაა მართალი. ახალგაზრდებს კი არ უნდა ეძახდეთ ბოლშევიკებს და სატანისტებს, იმაზე უნდა ფიქრობდეთ, ამ ახალგაზრდების ბედი ვინ ჩაუგდო ხელში ლევან ბერძენიშვილებსა და თინიკო ხიდაშელებს?! 10 წელია ეს ხდება, 10 წელი.
ახლა დავფიქრდეთ: რატომ არ შეიძლება, რომ ხელისუფლება საზოგადოებას სთავაზობდეს მოქმედების საერთო-ეროვნულ სტრატეგიას, რაც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას მისცემს,- ხელი ჩაკიდოს ქვეყანას და იმოქმედოს მისი სიკეთისათვის. დააკვირდით, რას ვამბობ: მარტო კი არ ილაპარაკოს, გარიყული კი არ იყოს, უფუნქციო და უმიზნო კი არ იყოს, არამედ იმოქმედოს, საკუთარი წვლილი შეიტანოს. რატომ უნდა იჯდეს ხელისუფლება ჩაკეტილ კარს მიღმა და ებუტებოდეს მთელს მსოფლიოს. ნუთუ ასეთი ძნელია ამ კარის ფართოდ გახსნა?! იქნებ ვცდები, მაგრამ არ შეიძლება მუდმივად ჰყოფდე. შენი, როგორც ხელისუფლების მისია გაერთიანება უნდა იყოს და არა დაყოფა-დანაწევრება.
კიდევ დავფიქრდეთ: განა ქვეყანაც, მისი პოლიტიკური მოედანიც თითოეულ ჩვენგანს არ ეკუთვნის? ეკუთვნის. თუ ასეა, მაშინ გამოვიდეს ბევრი ვიქტორ ყიფიანი პოლიტიკურ მოედანზე. საინტერესო გახდეს პოლიტიკური პროცესი, მართლა პროცესი გახდეს და დამთავრდეს ეს აბდა-უბდა, მაგრამ არა... პოლიტიკურ განცხადებებს როგორ აკეთებსო, ამისი უფლება ყიფიანს ვინ მისცაო?! გენაცვალე, პოლიტიკური ველი, პოლიტიკური თანამდებობები მემკვიდრეობით დაგიტოვეს თქვენმა ბებიებმა და ბაბუებმა? ვიქტორ ყიფიანს კი არა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთოს და პოლიტიკურ პროცესშიც ჩაერთოს. ვიდრე ამას არ გავაცნობიერებთ, სულ შურის და დაღუპვის გზით ვივლით და არაფერი ეშველება ამ ქვეყანას. მე კი, ძალიან მინდა, რომ ეშველოს. ბევრ ჩემნაირსაც და ჩემზე უკეთესსაც ეს სურვილი აქვს", - წერს ირმა ინაშვილი.