24.11.2024 | 21:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი დევიდ კრამერისა და იან კელის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ეხმაურება

"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის  იან კელისა და ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივი პუბლიკაციას ეხმაურება. ინაშვილი 2019 წლის 10 სექტემბერს სასტუმრო "რუმსში" მასსა და დევიდ კრამერს შორის მომხდარ ინციდენტს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მაშინ "ქართულ ოცნებას" არა ირმა ინაშვილი, არამედ საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია უნდა დაეცვა, რომელიც ნებისმიერი მოქალაქის სიტყვის თავისუფლებას უზრუნველყოფს. ინაშვილის თქმით, მაშინ რომ ხელისუფლებას ხმა ამოეღო, ახლა კრამერი ამ ყველაფერს ვერ გაბედავდა.

"2019 წლის 10 სექტემბერია. სასტუმროში "რუმსი" ომის ამერიკული პარტიის მთელი "ვარსკვლავეთი" იყო წარმოდგენილი. ოფიციალურად, ვითომ საერთაშორისო გამოწვევებზე მსჯელობდნენ, არაოფიციალურად კი, მსჯელობდნენ იმაზე, როგორ უნდა მართოს ამ ჯგუფმა საქართველო. მაკკეინის ჯგუფზეა საუბარი. კონფერენციაზე იმდენჯერ ახსენეს "პატრიოტთა ალიანსი", რომ გადავწყვიტე ყველა ბრალდებისთვის პასუხი თავად გამეცა და დაუპატიჟებლად მივედი ამ კონფერენციაზე. ჩემს გამოჩენას ისეთი კივილ-წივილი მოჰყვა, სიმართლე გითხრათ, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამერიკის შეერთებული შტატების ამდენ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანს, ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ყოფილ და მოქმედ ელჩებს, ვითომ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე დამწუხრებულ ექსპერტებს ასე შევაშინებდი.  კონფერენციის ორგანიზატორებს მოვთხოვე დებატებში 5 წუთის დათმობა, რათა ბრალდებებისთვის პასუხი გამეცა. ამ დროს, დაცვა გამოიძახეს, საპატრულო პოლიციას დაურეკეს, დამაბრალეს, თითქოს ვინმე ნინო ევგენიძეს კაბა ჩამოვახიე, ყველაფერი იკადრეს. აი, ასეთია სინამდვილეში ომის ამერიკული პარტიის დემოკრატია. არავინ, აბსოლუტურად არავინ შეწუხებულა იმ დარბაზში მარტივი მოცემულობის გამო: სიტყვის თავისუფლების უფლებას საკუთარ სახელმწიფოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები უზღუდავდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ხალხის არჩეულ დეპუტატს. ამას რომ თავი დავანებოთ, ყველაზე ამაზრზენი იყო ის, რომ "ქართული ოცნების" არც ერთი დეპუტატი სკამიდან არ შერხეულა. მეტიც, სატელევიზიო გამოსვლებში მორიგჯერ დამგმეს. მოკლედ, შეშინებული ტურების გარემოცვაში აღმოვჩნდი, მაგრამ მაინც მოვიპოვე მიკროფონი და რასაც ვფიქრობდი, საჯაროდ ვთქვი: "ნაცმოძრაობა" მწამებლების პარტიაა, სწორედ ეს ხალხია საქართველოს მტერი, სწორედ ესენი- კოლექტიური კრამერების რიგებში არიან და სწორედ ესენი ცდილობენ საქართველო საბოლოოდ გადააქციონ ამერიკული ომის პარტიის კოლონიად. არ იყო ამ მიკროფონის მოპოვება ადვილი. დევიდ კრამერმა ყვირილი დამიწყო და თავისი ჭკუით მაშინებდა, მაგრამ ისეთი პასუხი გავეცი, რომ კუდამოძუებულ ტურას დაემსგავსა. მე რომ ვერაფერი დამაკლო, ქართველ ჟურნალისტებს დაეტაკა და უყვირა:  "გაეთრიეთ აქედან, გაეთრიეთ აქედან", მაინტერესებს: რატომ  გადაყლაპეს ეს ქართველმა ჟურნალისტება? რატომ ვერ დაიცვეს საკუთარი ღირსება და უფლებები? ზოგადად, ხომ ასე მგზნებარედ და ემოციურად იცავენ ხოლმე საკუთარ უფლებებს?  იმიტომ ვერ და არ  შეძლეს, რომ ყველა ტელევიზიას ესმის: თუ დევიდ კრამერს, იან კელის, ომის პარტიის სხვა ამერიკელ იდეოლოგებს დაუპირისპირდებიან, ეს მათ იზოლირებას და განადგურებას ნიშნავს. ამიტომაც გადაყლაპეს ამერიკელი დირექტორის მხრიდან სამარცხვინო შეურაცხყოფა. ამ კონტექსტში 2020 წლის არჩევნებიც მინდა გავიხსენო. როცა კრამერთან დაკავშირებული პოლიტიკური რეკლამა მივიტანეთ სხვადასხვა ტელეარხებზე, მორიგი აჟიოტაჟი ატყდა. "ნაცმოძრაობის" არხებმა რომ ამ რეკლამის გაშვებაზე უარი თქვეს, გასაგები იყო, მაგრამ სახელისუფლებო ტელეარხები რომ კრამერს გადაეფარნენ და რეკლამა აკრძალეს, ეს ნამდვილად საინტერესო იყო ჩვენთვის. თან, პირად საუბრებში არც მალავდნენ,- ჩვენ ბატონ კრამერს და ამერიკას ვერ დავუპირისპირდებით, მაშინ იზოლაციაში მოგვაქცევენ, აღარ გვექნება ამერიკის საელჩოს კეთილგანწყობაო. აი, ამ მოტივით პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე ჩვენი კანონიერი უფლება შეზღუდეს. სამაგიეროდ, თავისუფლად ატრიალებდნენ ეთერში "ნაცების" რეკლამებს, რომ თურმე, ივანიშვილი რუსი ოლიგარქია და თურმე, საფრთხეა საქართველოსთვის. ახლა "ქართულ ოცნებაზე". იმ დარბაზში "ქართულ ოცნებას" ირმა ინაშვილი კი არ უნდა დაეცვა, საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია უნდა დაეცვა, რომელიც ნებისმიერი მოქალაქის სიტყვის თავისუფლებას უზრუნველყოფს. გაჩუმდნენ, დაიმალნენ. არადა, მაშინ რომ ხმა ამოეღოთ, დღეს კრამერი იმის ნახევარსაც ვერ გაბედავდა, რასაც ბედავს. იმავე პერიოდში ჩვენი ფრაქციის საპარლამენტო ინიციატივა იყო კრამერის სიის შედგენა და მიღება, რაც შემდეგს გულისხმობდა: დევიდ კრამერი, მეთიუ ბრაიზა, იან კელი და სხვა კრამერ-ბრაიზები, რომლებიც წლების მანძილზე უხეშად ერევიან საქართველო შიდა პოლიტიკურ საქმეებში, ვეღარ შეძლებდნენ საქართველოში შემოსვლას. ცხადია, ეს ინიციატივაც ჩააგდო "ქართულმა ოცნებამ", ახლა დევიდ კრამერი და იან კელი ერთობლივი წერილებით გამოდიან და საქართველოს დასჯას ითხოვენ, ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას. რასაც საჯარო წერილებში არ წერენ, იმას კულისებს მიღმა აკეთებენ: სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში თხრიან, თხრიან და თხრიან საქართველოს ხელისუფლებასაც და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილსაც და პოლიტიკური უზნეობა იმაშია, რომ როცა ინაშვილს ეხებიან, "ქართული ოცნება" იმალება, მერე ინტერვიუებში ინაშვილს გმობს, ხოლო როცა კრამერი, ბრაიზა და კელი "ქართული ოცნებისთვის"  ხდებიან მიუღებელნი, მაშინ იწყებენ მათ კრიტიკას, ძალიან სუსტ კრიტიკას, სხვათა შორის!  სააკაშვილიდან მოყოლებული ქართულ პოლიტიკას მე დავარქმევდი სიო-ს პოლიტიკას ანუ საიდანაც სიო ქრის, ისიც იქით იხრება. სააკაშვილი პირველ წელს ხან მოსკოვისკენ იხრებოდა და ხან- ვაშინგტონისკენ. ბოლოს გადაწყვიტა, რომ სიო ვაშინგტონისკენ ქრის, ფულადი სარგებელიც ნახა და იქით გადაიხარა. "ქართული ოცნება" მოსვლის დღიდან წნეხის ქვეშაა, მუდმივად გამოსავალს ეძებს და სხვადასხვა მხარეს სიტუაციის დალაგებას ცდილობს. ქართული ენჯეოები და ქართული ჟურნალისტიკა კი, საითაც სიო ქრის, იქითაა.  რომ დავაკვირდეთ, საქმე სასაცილო აბსურდამდე მიდის: თურმე, ჩვენ გვინდა ნატო და თურმე, ნატოს კარი მარადიულად ღია რომ იყოს და იქ არავინ შეგვიშვას, მაინც უნდა ვაკაკუნებდეთ! მაგრამ ვისაც ამ აბსურდში მონაწილეობა არ გვინდა და ვინც ვხვდებით, რომ ამჟამად ნეიტრალიტეტია გამოსავალი, აგენტებად და მოღალატეებად რატომ ვცხადდებით?! თანაც, ვინ გვაცხადებს? ის, ვისაც საკუთარი პოზიცია საერთოდ არ გააჩნია, ვინც საითაც სიო ქრის, იქით იხრება. ავსტრია ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ ავსტრიელები ერთმანეთს მოღალატეობას არ აბრალებენ. ეს მხოლოდ საქართველოში და უკრაინაში  ხდება. მერე რა მოვიგეთ ან ჩვენ ან უკრაინამ? თებერვალში ზელენსკის რომ ეთქვა,- ნეიტრალიტეტი მინდაო, უკრაინა არ დაიშლებოდა. დღეს კი, ლუგანსკის ოლქიც, დონეცკის ოლქიც, ხერსონის ოლქიც და ზაპოროჟიეს ოლქიც საჯაროდ აცხადებენ: აღარასდროს დავბრუნდებით უკრაინაშიო, მაგრამ ამით საქმე არ დამთავრდება. ოდესის ოლქსაც დაკარგავენ, აზოვის ზღვა უკვე დაკარგული აქვთ, ახლა შავ ზღვასაც დაკარგავენ და კიდევ, კაცმა არ იცის, რამდენ ოლქს დაკარგავენ. ამ პირობებში პოლონეთი ამბობს,- სამი ოლქი მე უნდა წავიღოო და ზელენსკი ამ ოლქებს ყიდის. უკვე უფლება მისცა პოლონეთის მოქალაქეებს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა დაიკავონ უკრაინაში. იყვნენ მოსამართლეები, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები და პოლონეთის პოლიციამ, თურმე, უკრაინის ტერიტორიაზე მართლწესრიგი უნდა დაამყაროს ანუ როგორც ნაცები ყიდდნენ აჭარას, ისე ზელენსკი ყიდის დასავლეთ უკრაინას. არ გეცნობათ ერთი და იგივე ხელწერა? მაგრამ ახლა კვლავ ნეიტრალიტეტს მინდა დავუბრუნდე. აფეთქდა ჩვენი ჟურნალისტიკა,- ჰენრი კისინჯერმა ბრძანა: უკრაინა ნეიტრალური უნდა იყოსო. თქვე დალოცვილებო, კისინჯერი ამას 20 წელია ამბობს, მაგრამ თქვენ ეს არ იცოდით. იმიტომ, რომ ეს არ გაინტერესებდათ. ახლა კი, ნელ-ნელა ხვდებით, რომ მაკრონიც აქეთ მიდის, შოლციც. გუშინწინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ამხილა საიდუმლო მოსალაპარაკებები. თურმე, იტალიაც ეუბნება უკრაინას: რაც დაკარგე- დაკარგე, ახლა ზავზე და ნეიტრალიტეტზე დათანხმდიო. იგივეს ეუბნება უკრაინას გერმანია და საფრანგეთი. ეს თავად ზელენსკის გუნდის წევრმა, ბატონმა პოდოლიაკმა გაგვიმხილა. როგორც ჩანს, სიო იცვლება. ნეიტრალიტეტისკენ იწყებს ქროლვას და ახლა რუსთავი-2-ც კი აშუქებს კისინჯერს.

დღის გადაცემები