24.11.2024 | 21:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი: "პროცესი, რომელსაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, არის ერთი ნინო ლომჯარიას მეორე ნინო ლომჯარიათი შეცვლის მცდელობა"

ასე გამოეხმაურა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს. "სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე გამოცდილება სახალხო დამცველის თანამდებობასთან მიმართებაში. აღმოჩნდება ხოლმე, რომ სახალხო დამცველი ხალხის დამცველი და ხალხის ინტერესების გამტარებელი კი არა, ძალიან ვიწრო პოლიტიკური და სხვა ჯგუფების დამცველია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სულ უნდა ვახსენებდეთ ჩვენს ტელემაყურებელს, რა გზა გავიარეთ და როგორ ვაქტიურობდით. მაშინ, როდესაც სახალხო დამცველად ნინო ლომჯარიას არჩევა ხდებოდა, ჩვენ გვყავდა კანდიდატი გიორგი ფოფხაძე - ის იყო "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი, რომელიც მაშინ, სხვათა შორის, ძალიან კარგად წარსდგა პარლამენტის წინაშე, ძალიან კომპეტენტური მოხსენება ჰქონდა, მაგრამ "ოცნებამ" და მაშინდელმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეთანხმებულად მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება და სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია დანიშნეს. მაგრამ აქ იყო კიდევ ერთი მომენტი და ამაზე ადრეც ღიად მისაუბრია. პარლამენტში იყო მოსული ამერიკის მაშინდელი ელჩი და მისი რეკომენდაცია იყო ნინო ლომჯარიას დამტკიცება. ჩვენ საელჩოებისა და ელჩების რეკომენდაციებით კი არა, ხალხის არჩევანიდან გამომდინარე უნდა ვირჩევდეთ სახალხო დამცველს. მე, მაგალითად, სულ სხვა მოდელის მომხრე ვარ - ყველაზე მისაღებად სახალხო მოდელი მეჩვენება. უნდა ტარდებოდეს სახალხო კენჭისყრები, სახალხო კანდიდატურების დასახელება, ამან მოიცვას მთელი საქართველო და შემდეგ უკვე ასეთი შეჯერებული სახალხო კანდიდატების არჩევა უნდა ხდებოდეს. მაგრამ, აი, შეხედეთ, როგორი მექანიზმია ახლა: თუ შენ გინდა გამოიწვიო სახალხო დამცველი, ისეთი მექანიზმებია ჩადებული კანონმდებლობაში, რომ პრაქტიკულად ვერც გადააყენებ, ვერც გამოიწვევ და ვერაფერს ვერ გააკეთებ. პროცესი, რომელსაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, არის ერთი ნინო ლომჯარიას მეორე ნინო ლომჯარიათი შეცვლის მცდელობა. კრებსითი ლომჯარიები არიან ახლა პარლამენტში წარმოდგენილები. არც ერთ მათგანს რომ არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, ეს, მე მგონი, ჩანს. ისევ მიმდინარეობს იგივე სპექტაკლი, უბრალოდ მაშინ იყო ორი პერსონაჟი ნინო ლომჯარიას არჩევნების დროს, ახლა 19 კანდიდატურაა წარმოდგენილი. მძიმე სურათია, იცით? მე რამდენიმე მოხსენებას ვუსმინე და ამ მოხსენებიდან არც ერთისგან არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ხმა ისმის ან ქართველი ხალხის ინტერესების გამომხატველი, ან საქართველოზე მიდის იქ საუბარი. საუბარი მიდის ძალიან ვიწრო ჯგუფების ინტერესების დაცვაზე. პოლიტიკური მხარეა ხოლმე ძირითადად ეს სახალხო დამცველი. ვის იცავდა ამ წლების მანძილზე ნინო ლომჯარია? თუნდაც ჩემს თავთან დაკავშირებით რომ გავიხსენო, ძალიან ბევრი ისეთი ფრაგმენტი იყო, როცა დასაცავი იყო ჩემი, როგორც ქალი პოლიტიკოსის უფლებები, ჩემი, როგორც ქალი პარლამენტის წევრის უფლებები და მაშინ ამაზე არავინ იღებდა ხმას და არავინ ლაპარაკობდა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ამიტომ არის, რომ სახალხო დამცველი ან ხალხის არჩეული კანდიდატი უნდა იყოს, ან კიდევ სულ ამ რეჟიმში ვიქნებით, რასაც ახლა ვუყურებთ", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის გადაცემები