"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი "ტვ პირველის" ეთერში გასულ ცილისმწამებლურ სიუჟეტს ეხმაურება, რომელშიც პარტიის ლიდერებს მათი ოპონენტების წინააღმდეგ ფარული ჩანაწერების გავრცელების დაგეგმვას აბრალებენ. ირმა ინაშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი მორიგი დიდი პროვოკაციის ნაწილია, რომელსაც მათი პოლიტიკური მტრები მიმართავენ. როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, ფარულ ჩანაწერებს ახორციელებდნენ მწამებლები სააკაშვილი და ბოკერია, ხოლო "ტვ პირველი" მათი პოლიტიკური მიზნების განხორციელების ბერკეტს წარმოადგენს. მისივე თქმით, ეს პროვოკაცია დაიგეგმა სწორედ იმიტომ, რომ სააკაშვილის პარტიას 3%-ზე ნაკლები რეიტინგი აქვს, ხოლო ბოკერიას პარტიის რეიტინგი 1%-საც ვერ აღწევს.
"თქვენ სანამ ამას ფარულ ჩანაწერებს დაარქმევდით, მანამდე უნდა გეკითხათ. არავითარი ფარული ჩანაწერები არ გვაქვს და მიიღეთ კიდევაც განმარტებები პრესცენტრისგან, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც თითქოსდა ფარულ ჩანაწერებზე გააკეთეთ თქვენი ჩართვა თუ სიუჟეტი. ეს არის პროვოკაცია! ეს არის მტკნარი ტყუილი! არავითარ ფარულ ჩანაწერებზე არასდროს არ გვისაუბრია არც დავით თარხან-მოურავს და არც მე! ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენი ტელევიზია და, კონკრეტულად, საინფორმაციო სამსახური გადაიქცა ტყუილის მანქანად, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ბერკეტად - ვგულისხმობ სააკაშვილის და ბოკერიას პოლიტიკურ ჯგუფებს. ეს პროვოკაცია თითქოსდა ფარულ ჩანაწერებზე არის დიდი პროვოკაციის ნაწილი. დააკვირდით: ჯერ რაღაც "დოსიე რუ", მერე რაღაც მხარე, რომლის გავრცელებულ ახალ ამბავსაც თითქოსდა თქვენ დაეყრდენით. ეს ყველაფერი არის ერთი ჯაჭვი. თვითონ ინტერნეტშიც - ეს ჯგუფები, ჩვენი ოპონენტები, ჩვენი პოლიტიკური მტრები ავრცელებინებენ ამ ნიუსს, მერე თქვენი ტელევიზია ამას აბზრიალებს, ფარულ ჩანაწერებს არქმევს და სიუჟეტს ამზადებს. თქვენ ხართ მატყუარები და პროვოკატორები და მე მოვითხოვ, რომ ეს შეფასება გადასცეთ თქვენი ტელევიზიის ეთერში! კიდევ ერთხელ გეუბნებით, არავითარ ფარულ ჩანაწერებზე დავით თარხან-მოურავს, რომელიც სხვათაშორის ერთ-ერთი ლიდერი კი არ არის ამ პარტიის, არამედ პარტიის თავმჯდომარეა, არ გაუკეთებია არასდროს ასეთი განცხადება! არც დავით თარხან-მოურავს და არც მე!
ფარულ ჩანაწერებს ახორციელებდნენ მწამებელი სააკაშვილი და მწამებელი ბოკერია, რომლებსაც თქვენი ტელევიზიის საინფორმაციო სამსახური უჭერს მხარს. თქვენ ხართ პროვოკატორები და თქვენ ხართ ბერკეტი სააკაშვილის და ბოკერიას ხელში, მაგრამ გარწმუნებთ, მალე დამთავრდება ეს ყველაფერი! ეს პროვოკაცია ჩვენს წინააღმდეგ დაიგეგმა სწორედ იმიტომ, რომ სააკაშვილის პარტიას ნამდვილად 3%-ზე ნაკლები აქვს რეიტინგი, ხოლო ბოკერიას პარტიის რეიტინგი 1%-საც ვერ აღწევს.
ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, ჩვენი ტაქტიკა და სტრატეგია და როდესაც ჩავთვლით საჭიროდ, ამასთან დაკავშირებით ბრიფინგს ჩავატარებთ", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.