24.11.2024 | 21:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - "ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" ვაკისრებთ!"
"პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც მისი მისამართით უცხო პირის მიერ თითქოსდა გროზნოდან განხორციელებულ ზარზე ისაუბრა. ირმა ინაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს წმინდა წყლის პროვოკაციაა. გარდა ამისა, პარტიის გენერალური მდივნის თქმით, ზუსტი ინფორმაცია აქვთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის პროვოკაციები ჯერ თბილისში, ახლა კი, მათ მიერ დაანონსებულ აქციაზე ქუთაისში იგეგმება. მისივე თქმით, სწორედ ამ მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით პარტიის პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, ამ ეტაპზე გააუქმოს აქცია ქუთაისშიც. ამავე დროს, ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ მათი გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ პარტია საპროტესტო აქციებს არ ჩაატარებს. ირმა ინაშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს.
"ჩვენი პარტიის სახელით მინდა გავაკეთო განცხადება საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.
მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ტოტალურად და სამარცხვინოდ გააყალბა არჩევნები - კვლავ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პარტია ვერანაირად ვერ აიღებდა ასეთ დაბალ პროცენტს. ამ სრულიად უგუნური ქმედებით ხელისუფლებამ ქვეყანაში უამრავი დაძაბულობის კერა შექმნა. ყველას ესმის და ყველამ იცის, რომ ჩვენს პარტიას ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და ყველაზე დიდი რაოდენობის მხარდამჭერის მობილიზება შეგვიძლია საპროტესტო აქციებზე. ამიტომაც დავნიშნეთ აქცია ჯერ თავისუფლების მოედანზე, რასაც მოჰყვა "ქართული ოცნების" ბრალდებები, თითქოსდა სხვებთან ერთად ან რუსეთის დავალებით ვმოქმედებთ, ან ყაჩაღურ თავდასხმებს ვაპირებთ, რაც სრული აბსურდია. ამის გამო ჩვენ გადავიტანეთ მიტინგი თბილისიდან ქუთაისში. მიაქციეთ ყურადღება, რომ მატყუარა, არჩევნების გამყალბებელი კობახიძე ჩვენებებს იძლევა სუს-ში და ლაპარაკობს რაღაცა შეთქმულებაზე. ბრიფინგებზე "ქართული ოცნების" ლიდერები ღიად საუბრობენ რაღაცა რუსულ კვალზე. ამავდროულად ჩემს პლანშეტზე, რომელსაც მე მხოლოდ "ფეისბუქისთვის" ვიყენებ, მომდის ასეთი სახის გზავნილები:
- Ирма, добрый вечер! Это Саид Ахмед с Грозного. Как дела? Я слышал, там выборы у вас прошли - как у вас? Нормально, тихо прошли? Там какие-то беспорядки-порядки у вас…
ცხადია, თქვენ ხვდებით, რომ არც ვინმე საიდ ახმედს ვიცნობ და საერთოდ არავისთან არ მაქვს კონტაქტი. ამ გზავნილებში ეს ვინმე საიდ ახმედი, თუ დააკვირდებით, მესაუბრება ისე, თითქოს ჩემი ახლობელი იყოს. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: მე არანაირ საიდ ახმედს არ ვიცნობ და ეს გზავნილი, რომელიც მე მივიღე გამოქვეყნდება მედიაში. მკაფიოდ უნდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია!
ამავდროულად ჩვენ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ჯერ თბილისში, თავისუფლების მოედანზე გეგმავდნენ ჩვენს წინააღმდეგ პროვოკაციებს - ამიტომაც გადავიტანეთ ქუთაისში ჩვენი აქცია, ახლა კი, გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ქუთაისშიც იგეგმება პროვოკაციები ჩვენს წინააღმდეგ. ვინ გეგმავს ამ პროვოკაციებს - დღეს არ გავაკეთებ კომენტარს ამ თემაზე. ძალიან მალე მოვა დრო და ყველაფერი გახდება ნათელი და ცხადი.
მთელი ამ პროცესებიდან გამომდინარე და მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით ჩვენმა პარტიამ, პოლიტსაბჭომ იმსჯელა და ამიტომ ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე გავაუქმოთ ქუთაისის აქციაც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ იქნება საპროტესტო აქციები და უარს ვამბობთ მიტინგებზე. ჩვენ ვიღებთ რამდენიმეკვირიან პაუზას, რათა თავიდან ავიცილოთ პროვოკაციები და ბრალდებები რუსულ კვალთან ან რაიმე შეთქმულებასთან დაკავშირებით.
ჩვენ კვლავ ვადასტურებთ, რომ პარლამენტში შესვლაზე უარს ვამბობთ და ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს! მთელ პასუხისმგებლობას ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ჩვენ ვაკისრებთ "ქართულ ოცნებას", რომელმაც სამარცხვინოდ გააყალბა არჩევნები და თვითონ გამოიწვია ეს კრიზისი ქვეყანაში", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
დღის გადაცემები