2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით „პატრიოტთა ალიანსში“ ბრიფინგი გაიმართა. პარტიის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური რეალობა შეაფასა. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, დაწყებულია "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხელისუფლების გადაბარების პროცესი.
„"ნაციონალური მოძრაობისთვის" ხელისუფლების გადაბარების მცდელობა "ქართულ ოცნებას" ჩაფიქრებული ჰქონდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მაშინ ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ საარჩევნო პროცესში და "ქართულ ოცნებას" არ მივეცით ხელისუფლების გადაბარების საშუალება. ამ დღიდან მოყოლებული ჩვენ გამალებით გვებრძვის "ქართული ოცნება" და მუდმივად გვიყალბებს შედეგებს. 3700-ზე მეტ უბანზე ჩვენ წინასწარ, უკანონოდ, წაგვართვეს კომისიის წევრები, რაც გამოიყენა თავად "ქართულმა ოცნებამ". სრულიად აფსურდია ჩვენს პარტიას ჰქონდეს 1,5 %. ჩვენ წლებია მუდმივად ვამხელთ "ქართულ ოცნებას" "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ გაცოცხლებასა და საბოლოოდ ხელისუფლების გადაბარებაში.
გააზრებულად წლიდან-წლამდე "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ გაეცოცხლებინა და პოლიტიკურ ველზე მთავარ ოპოზიციურ ძალად დაეტოვებინა "ნაციონალური მოძრაობა", ის პარტია, რომელიც 2013 წელს თავს ვერ ჰყოფდა გარეთ. 2014 წლის არჩევნებში საერთოდ უხმაუროდ იყვნენ, 2015 წლის შუალედურ აჩვენბეში საერთოდ არ ჩანდა "ნაციონალური მოძრაობა", ხოლო 2016 წლიდან "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო მისი მიზანმიმართული დაწინაურება. ამ არჩევნებზე საბოლოოდ გახდა ნათელი, რომ ორმხრივი ვითომ ჩხუბის, ლანძღვა-გინების ფონზე მიდის ხელისუფლების აქტიური გადაბარება.
ბრმა უნდა იყო ვერ დაინახო რომ ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, სენაკში "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლება უკვე გადააბარა ნაცმოძრაობას. ჯამში ოც ქალაქში მეორე ტურია და ნათელია, რომ ნახევარი მაინც გადაეცემა ნაციონალებს.
ბოლო რვა თვის განმავლობაში 12-ზე მეტი საავტორო გადაცემა მოვამზადე და ამ გადაცემებში საჯაროდ ვამბობდი, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩამოიყვანდნენ საქართველოში და მოხდებოდა ხელისუფლების გადაბარება.
"ქართული ოცნების" ლიდერები ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი 6 წელი იჯდება ციხეში. მე მინდა ყველამ დაიმახსოვროს დღევანდელი დღე, არ გავა ექვსი კვირა და მიხეილ სააკაშვილს უკამათოდ გამოუშვებენ ციხიდან. ივანიშვილიც 6-8 თვეში სრულად გადააბარებს ხელისუფლებას ნაცებს.
„პატრიოტთა ალიანსმა“ პიდაპირ გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, ჩვენ, მეგობრებო, დავბრუნდით 2011 წლის რეალობაში. ჩვენ ვგეგმავთ ჩვენს მოქმედებებს, უახლოეს მომავალში საზოგადოებას აუცილებლად გავუზიარებთ ჩვენს სამოქმედო გეგმას. ჩვენ არ შევეგუებით ამ ყველაფერს და ვიმოქმედებთ ძალიან აქტიურად,“- განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.