იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ სენატისა და დეპუტატთა პალატის დათხოვნა გამოაცხადა, რაც ავტომატურად გამოიწვევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
"პოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა.
როგორც იტალიური მედია იუწყება, ვადამდელი არჩევნები, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გაიმართება.
იტალიის სამთავრობო კოალიციის დაშლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი დღეს გადადგა.
მარიო დრაგიმ გადადგომის შესახებ განცხადება გასულ კვირასაც დაწერა, მას შემდეგ, რაც მისმა ერთ-ერთმა პარტნიორმა – "5 ვარსკვლავის მოძრაობამ" ენერგეტიკის საკითხზე კანონპროექტის კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა და ამით მთავრობის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა, იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.