"პატრიოტთა ალიანსის" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ძაგანიას განცხადებით, რეალისტური კვლევების მიხედვით "პატრიოტთა ალიანსი" ლიდერობს, თუმცა, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებისა და რეგულაციების გამო არსებობს საფრთხე იმისა, რომ მათმა მრავალრიცხოვანმა ამომრჩეველმა უბნებზე ხმის მიცემა ვერ მოასწროს. სწორედ ამიტომ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ხელისუფლეფისაგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვეს.
"მე და "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოჩა თევდორაძემ ჩავატარეთ პრესკონფერენცია და მოვითხოვეთ ხელისუფლებისგან, გაიზარდოს ხმის მიცემის საათები. რეალისტური კვლევებით "პატრიოტთა ალიანსი" ლიდერობს ამ არჩევნებში, ანუ გვაქვს სახელისუფლებო რეიტინგი და იმის გამო, რომ პრობლემები შეიქმნა კოვიდთან დაკავშირებით, შესაძლებელია, ჩვენმა მრავალრიცხოვანმა ამომრჩეველმა ვერ მოასწროს უბნებზე ხმის მიცემა. ამის მაგალითები იყო სხვადახვა ქვეყნებში. თუნდაც, ცოტა ხნის წინ აშშ-ში წინასწარი არჩევნები ჩატარდა და იქ იყო უზარმაზარი რიგები. მსგავსი საფრთხე, შესაძლებელია, აქ განმეორდეს. ისეთ პარტიებს, რომლებსაც მობილიზებული ყავთ თავისი ამომრჩეველი - მანქანებით და მიკროავტობუსებით მოჰყავთ საარჩევნო უბნებში - ისინი თავისას მოიყვანენ და დღის პირველივე საათებში დაასრულებენ. ჩვენ კი გულანთებული მხარდამჭერები გვყავს, რომლებსაც არავინ არ უპირებს ძალით და იძულებით მოყვანას. ჩვენი მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი თავისი გულწრფელი სიმპათიებით თვითონ აპირებს მოსვლას და, შესაძლებელია, უბრალოდ ვერ მოასწროს ხმის მიცემა", - განაცხადა კახა ძაგანიამ.