საკანონმდებლო ორგანოში, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ. კობა გვენეტაძემ გასული წლის ანგარიში წარადგინა.
ეროვნული ბანკის ქმედებები დროული და ადეკვატური იყო, როგორც პანდემიამდე, ასევე პანდემიის დროს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანგარიშის წარადგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შექმნას, საშუალოვადიან პერიოდში ფასებისა და ფინანსური სექტორის სტაბილურობის მხარდაჭერით.
„2020 წელსაც ეროვნული ბანკის დროულმა ქმედებებმა და გატარებულმა პოლიტიკამ, არსებული უპრეცედენტო შოკის ფონზე, ეკონომიკაზე პანდემიის უარყოფითი გავლენის შერბილებაში არსებითი როლი ითამაშა. პანდემიის პირობებში ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ადეკვატური, დროის შესაბამისი პოლიტიკის გატარება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დონორებთან მოლაპარაკებების პროცესში, რომლის შედეგადაც ქვეყანამ უმოკლეს ვადებში მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარების მობილიზება შეძლო" -განაცხადა გვენეტაძემ.