ოცდამეერთე საუკუნეში გაჩენილმა, ახალმა ვირუსმა საზოგადოების ნაწილის, როგორც ორგანიზმის ნორმალურ მდგომარეობას, ასევე მენტალურ ჯანმრთელობასაც მიაყენა ზიანი. ბოლო დროს თემის გარშემო ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ ადამიანების ხანგრძლივმა იზოლაციამ გავლენა მათ ფსიქიკაზე იქონია. მათში დეპრესიის ნიშნებიც გაჩნდა.
ხასიათის ცვლილება და უიმედობა მომავლის მიმართ მხოლოდ ხანგრძლივმა იზოლაციამ არ გამოიწვია. ფსიქოლოგების თქმით, გაიზარდა ისეთი პაციენტების მიმართვიანობაც, რომლებმაც კოვიდ 19 გადატანეს, გამოჯანმრთელების შემდეგ კი პრობლემები უკვე სხვა მიმართულებით შეექმნათ, გახდნენ მეტად ემოციურები და მათში ნეგატიური განწყობები გაიზარდა.
კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანებში ხასიათის უარყოფითად ცვლილებაზე საუბრობს გიორგი ფხაკაძე. გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველის თქმით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ პაციენტებს ხშირად ახასიათებთ დაღლილობა და მოთენთილობაც. საკითხთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო კვლევებიც, მედიკოსი მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებს სპეციალისტთან დროულად მისვლას ურჩევენ, რათა მდგომარეობა არ გართულდეს.