24.11.2024 | 20:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ლევან მურუსიძე: "დასანქცირებით სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი, თუ არ მიიღებენ აშშ-ის საელჩოსთვის მისაღებ გადაწყვეტილებას, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ"

დასანქცირებით სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი, თუ მოსამართლეები კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არ გაითვალისწინებენ ელჩისა და საელჩოს პოზიციებს, არ მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც ელჩისთვის არის მისაღები, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც ლევან მურუსიძემ აღნიშნა, კორუფცია არის შირმა, აპრობირებული მეთოდი, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა.

"მე მოგახსენებთ, რა არის რეალური მიზეზი, რის გამოც მოხდა მოსამართლეზე კორუფციის ბრალდების დაბრალება. არის თითიდან გამოწოვილი. შესაბამისად, ვერ წარმოადგენენ ვერანაირ მტკიცებულებებს ამასთან დაკავშირებით.

რა არის ნამდვილი მიზეზი, ეს გრძელდება წლების განმავლობაში და რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რომლის მცდელობები დასაწყისში იყო არასამთავრობო სექტორის მეშვეობით. შემდგომ ამაში ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, შემდგომ იყო საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ ე.წ. სასამართლო კლანზე და ამზადებდნენ პოზიციებს, მაგრამ აღნიშნული შედეგი რომ ვერ იქნა მიღწეული, რომ ვერ მოხდა სასამართლოს ხელში ჩაგდება და მიტაცება, რადგან საელჩოს ჰქონდა მცდელობა, გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა, შესაბამისად, მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ახლა რატომ უნდა გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა, ამას გეტყვით და მოგიყვანთ მაგალითს. იცით, რომ ქალბატონი დეგნანი, კონკრეტულ საქმეზე რამდენჯერმე გამოვიდა და იძახდა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე არის უკანონო და არ არის დასაბუთებული. ჯერ ერთი, ჩემთვის გასაკვირი იყო, ელჩი რატომ უნდა ერეოდეს კონკრეტულად საქმეებში. აქ ჩანდა მისი მიზანი. რეალურად, ამ დასანქცირებით სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი და ეს არის შემდეგში: თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ ელჩის და საელჩოს პოზიციებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და არ მიიღებს მოსამართლე იმ გადაწყვეტილებას, რაც ელჩისთვის არის მისაღები, რაც შეესაბამება მის პოლიტიკას, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ. ეს არის ცალსახა. ასევე, არის ლაშა ჩხიკვაძის მაგალითი, რომელმაც კონკრეტულ საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება. მას შეხვდნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, მოსთხოვეს კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის ჩაბარება და სანქციის სახით მის მიმართ გამოიყენეს ის, რომ არ წაიყვანეს აშშ-ში. მეტსაც გეტყვით, ამას რომ მოჰყვა სოლიდარობა სხვა მოსამართლეების მხრიდან, იყო შემთხვევები, რომ პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ, აბულინგებდნენ, როგორ გაბედა მოსამართლემ, რომ მხარი დაუჭირა ლაშა ჩხიკვაძეს, როგორც გაბედა და შეუერთდა მის პოზიციას. ლაშა ჩხიკვაძის თემა არის აისბერგის წვერი.

პირადად ჩემთან წლების განმავლობაში მოდიოდნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები და მეუბნებოდნენ, რომ მათთვის სასურველი იქნებოდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყოფილიყო ესა და ეს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყოფილიყო ესა და ეს გადაწყვეტილება, კონფერენცია ჩატარებულიყო ამა და ამ დღეს. ამის მტკიცებულებებიც მაქვს. შესაბამისად, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი, ეს კონკრეტული ჩარევები როდესაც ხდებოდა საელჩოს მხრიდან, ამასაც, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოება ნახავს", – განაცხადა მურუსიძემ.

დღის გადაცემები