სანქციების მიზანია, სასამართლო სისტემაში იყოს არეულობა, დაექვემდებაროს აშშ-ის საელჩოს, მეეჭვება ეს მოხდეს, თუმცა ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ამაზე არ გაჩერდებიან და შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც ლევან მურუსიძემ აღნიშნა, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციების ჟივილ-ხივილია, მათი მხიარულება ისმის, რომ სისტემაში წავა დაპირისპირება.
"პირადად ჩემთან წლების განმავლობაში მოდიოდნენ ამერიკის შეერთებული საელჩოს წარმომადგენლები და მეუბნებოდნენ, რომ მათთვის სასურველი იქნებოდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყოფილიყო ესა და ეს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყოფილიყო ესა და ეს გადაწყვეტილება, კონფერენცია ჩატარებულიყო ამა და ამ დღეს. ამის მტკიცებულებებიც მაქვს. შესაბამისად, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოება ნახავს, ეს კონკრეტული ჩარევები როდესაც ხდებოდა საელჩოს მხრიდან.
ახლა ხდება ჩვენი ოჯახების მორალური ტერორი საელჩოს მხრიდან, მათ შორის ქართული სტაფის მხრიდან, ჩხეიძის ხელმძღვანელობით, რომელსაც 25-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს, მაგრამ სასამართლოს კეთილდღეობისთვის არ იყენებენ, იყენებენ იმისთვის, რომ სასამართლო სისტემაში მოხდეს დაპირისპირება, რომ შექმნილიყო არაჯანსაღი სიტუაცია. ამას ცდილობდნენ მუდმივად. თვითონ ქალბატონი ელჩი დადიოდა სასამართლო-სასამართლო, ხვდებოდა მოსამართლეებს, ცდილობდა, გავლენები მოეხდინა სათითაოდ მოსამართლეებზე და შემდეგ ამ მოსამართლეებისგან მომხდარიყო დაპირისპირება სასამართლო სისტემაში, რაც მე წარმოუდგენლად მიმაჩნია.
ახლა არასამთავრობო ორგანიზაციების ჟივილ-ხივილია, მათი მხიარულება ისმის, რომ სისტემაში წავა დაპირისპირებაო. იმდენმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემ მიმართ, სანქციების მიზანია, სასამართლო სისტემაში იყოს არეულობა, დაექვემდებაროს აშშ-ის საელჩოს, მეეჭვება ეს მოხდეს, თუმცა ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ამაზე არ გაჩერდებიან და შეიძლება, სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ, იმდენად დიდი მიზანი არის მათი, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში, ეს მიმდინარეობს წლების განმავლობაში", – განაცხადა მურუსიძემ.