28.11.2024 | 10:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ლევან სილაგავა: "ხორბლის შემოსვლა შემცირებულია, ფქვილის შემოსვლა გაზრდილი - ვუბრუნდებით იმ სიტუაციას, რაც შარშან იყო"

"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, საქართველოში ორი თვის ხორბლის მარაგია, რომელიც დეკემბრის თვეში 40 დოლარის ფარგლებში შეიძინეს.

მისივე თქმით, ახალი ტრენდის მიხედვით გაირკვევა, საქართველოში წისქვილების მუშაობა შეჩერდება თუ არა.

"ხორბლის შემოსვლა შემცირებულია, ფქვილის შემოსვლა გაზრდილი. ჩვენ ვუბრუნდებით იმ სიტუაციას, რაც შარშან იყო. მთლიანობაში, არ ვიცი ტენდენციის განვითარება როგორი იქნება. ახლა ტრენდს ველოდებით, იმიტომ, რომ ტრადიციულად ახალი წლის დღეებში ასე ხდება, რომ აქტიურად ვაჭრობა მსოფლიო ბაზრებზე უფრო შეზღუდული რაოდენობით მიმდინარეობს, დეკემბრის თვის შემდეგ შემცირებულია ვაჭრობა და ბრუნვა. აქედან გამომდინარე, ის ფასები, რომლებიც დაფიქსირდა მოსკოვის ბირჟაზე (იქიდან ანგარიშდება მცურავი ბაჟი), არ იძლევა ზუსტ ანალიზს იმასთან მიმართებით, როგორ განვითარდება მცურავი ბაჟის ტენდენცია. გაზრდა ძირითად მოხდა რუბლის გაუფასურების გამო, ანუ სავალუტო გაუფასურების გამო და არა ხორბლის ფასის თვითონ დოლარში გაზრდის გამო. ახლა ველოდებით შემდეგ ვაჭრობას, რომელიც ამ თვის ბოლოს იქნება და მერე ჩამოყალიბდება ძირითადი ტრენდი. ჩვენ დეკემბრის თვეში შემოვიტანეთ ხორბალი, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ დოლარის კურსმა საშუალება მისცა მცურავ ბაჟს, რომ ყოფილიყო 40 დოლარის ფარგლებში, დღევანდელი კურსით უკვე 68 დოლარია დაფიქსირებული. ხორბლის მარაგი არის დაახლოებით ორი თვის, თუმცა დღეს არის ისეთი სიტუაცია, როდესაც თვითონ წისქვილები ტრენდის ჩამოყალიბებას ელოდებიან, ხორბალი თუ ფქვილი შემოიტანონ. შარშანაც ასე იყო რუსეთის საექსპერტო მცურავი ბაჟიდან გამომდინარე. ტენდენცია იყო, როდესაც ხორბლის შემოტანას აზრი არ ჰქონდა. ეს მცურავი ბაჟი ხორბალზე მოქმედებს და ფქვილზე არ მოქმედებს. შესაბამისად, ის დროა, როდესაც გარკვეულწილად უნდა განისაზღვროს, რას იზამენ წისქვილები და იმპორტიორები საფასო პოლიტიკიდან გამომდინარე, რას ამჯობინებენ", - განაცხადა სილაგავამ მედიაცენტრ "მთავარში".

ამასთან, როგორც სილაგავა ამბობს, რუსეთმა საზღვარგარეთ ხორბლის გატანაზე კვოტირება შემოიღო.

"შემოსულია ახალი ფაქტორი, რუსეთმა შემოიღო კვოტირება, ანუ კვოტები გააკეთა რუსეთიდან ხორბლის გამოტანაზე, ეს დაიწყება 15 თებერვლიდან 30 ივნისამდე, ანუ შემდეგი მოსავლის აღებამდე. შესაბამისად, კვოტა ნიშნავს ხორბლის მხოლოდ გარკვეული რაოდენობის გამოტანას რუსეთიდან მსოფლიო ბაზარზე. ჩვენმა პარტნიორებმა, რომლებიც ხორბალს გვაწვდიან, უნდა აიღონ კვოტის ეს რაოდენობა. წარდგენის ვადა 31 იანვრამდეა. კომპანიებს რუსეთში რა რაოდენობას მისცემენ, ცნობილი არ არის. რუსეთი ისევ რჩება ჩვენს ძირითად მომწოდებლად, იმიტომ, რომ მაინც ყველაზე უფრო იაფი ხორბალი რუსეთიდან მოდის.

ჩვენ მეორედ შევდივართ იმ ფაზაში, რაც შარშან იყო, როდესაც მცურავი ბაჟი გაიზარდა და შესაბამისად, წისქვილები გაჩერდა. ჩვენ ახლა ამ რისკის წინაშე ვდგავართ, უბრალოდ ველოდებით ტრენდი როგორი იქნება და ველოდებით, რა რაოდენობის კვოტას მისცემენ იმ კომპანიებს, რომლებსაც რუსეთიდან ხორბალი შემოაქვთ. ამაზე გვაქვს ორიენტირი", - განაცხადა სილაგავამ.

მისივე თქმით, მარტამდე პურის ფასი არ გაიზრდება.

დღის გადაცემები