საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მომლოცველების უსაფრთხო გადაადგილებისთვის ლომისის მთის ტერიტორიაზე 120-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, წმინდა გიორგის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე ლოკაციაზე მორიგეობენ და მომლოცველების უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნავენ.
ლომისის მთის ტერიტორიაზე სულ სპეციალური აღჭურვილობით და ტექნიკით მობილიზებულია 120-მდე მეხანძრე-მაშველი, მათ შორის არიან სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. საჭიროების შემთხვევაში მეხანძრე-მაშველები მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ," - ნათქვამია განცხადებაში.