ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა მალხაზ თოფურიამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს კანდიდატის სტატუსსაც არ მიანიჭებენ. თოფურიამ ყურადღება თურქეთის მრავალწლიან კანდიდატობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ სტატუტის მინიჭების შემთხვევაში, საქართველო, შესაძლოა, ანალოგიურად, სამუდამო კანდიდატ ქვეყნად დარჩეს.
"ევროკავშირში ჩვენი შესვლის შანსები ძალიან მცირეა. უფრო მეტსაც გეტყვით - თუნდაც, მივიღოთ ეს კანდიდატის სტატუსი, არაფერს მოგვმატებს: ეს დაახლოებით იგივეა, რომ მონადირეთა კავშირში ჩავეწეროთ, მაგრამ არასოდეს სანადიროდ არ წავიდეთ და იარაღი არ გვქონდეს. 80-იანი წლებიდან თურქეთიც კანდიდატია და მრავალი წელია, კანდიდატად რჩება. სწორედ ასეთ მდგომარეობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ ჩვენც. დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთსაც არავინ მიიღებს თურქული მიგრაციის შიშით და აქაც დაბალი შანსებია. საქართველო ამ მხრივ ხიფათს არ წარმოადგენს, ისედაც დაცლილია ჩვენი ქვეყანა მოსახლეობისგან. თუ იმას გვეუბნებიან, რომ სასამართლოს გამო არ გვიღებენ, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში უარესი სამართლებრივი მდგომარეობაა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე კანდიდატის წოდებასაც არ მოგვანიჭებენ. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ და გული მწყდება, თუმცა დღევანდელი სურათი ასეთია. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური წინსვლა. ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროკავშირი რას მოუტანს საქართველოს და არა პირიქით, ჩვენ რას მოვუტანთ ევროკავშირს", - განაცხადა მალხაზ თოფურიამ.