საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება რომ ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს, ამაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამ პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც გამართა 24 სექტემბერს პრესკონფერენცია აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაახმაურა. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოპოვებულმა ახალმა კარტოგრაფიულმა მასალებმა 2006-2007 წლის შეთანხმება შეცვალოს. ზალკალიანის თქმით, მასალები ქართულმა მხარემ მოიპოვა და მიწოდებულია აზერბაიჯანისთვისაც.
„საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს ადგილი ჰქონდა ინციდენტებს დავით გარეჯში. აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ერთობლივი კომისიის ფარგლებში. განახლდა თავად კომისიის შემადგენლობაც. პანდემიის გამო კომისიის შეხვედრები შეფერხდა, თუმცა, მისი მუშაობა არ შეჩერებულა. ჩვენი მხრიდან მოძიებულია ახალი დამატებითი კარტოგრაფიული მასალები და მოწოდებულია აზერბაიჯანისთვის. ამ მასალების გაანალიზების შედეგად, არ გამოვრიცხავ 2006-2007 წლებში მიღწეული შეთანხმების გადახედვა გახდეს საჭირო. ვიმედოვნებ, გვექნება პროგრესი. კომისიამ ეს საკითხი ორმხრივად უნდა გადაწყვიტოს, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოდ. ორივე მხარეს კონსტრუქციული მიდგომა აქვს ამ საკითხზე", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ზუტად რა კარტოგრაფიულ მასალებზეა ლაპარაკი, უცნობია, მაგრამ ერთი ვერსიით, შესაძლოა ქართულმა მხარემ ის რუკა და დოკუმენტების ორიგინალი მოიპოვა, რომელიც დიდი ხანია დაკარგულად მიიჩნეოდა და ეძებდნენ. ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტებია და რაც მხარეებს შორის არსებულ პრობლემას აღმოფხვრის. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ეს განცხადებები წინასაარჩვენო ხრიკია და რომ რეალურად ზალკალიანის განცხადების უკან არაფერი დგას.
მამუკა არეშიძე:
- მართალია დეტალები ჩემთვის უცნობია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, ჩვენ, ქართულმა მხარემ, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ ჩვენი პოზიციები გაგვემყარებინა. ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით, წლების განმავლობაში საქართველოს არქივიდან და არა მხოლოდ საქართველოს არქივიდან, გაქრა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რაც მაძლევს საშუალებას ვარაუდი გამოვთქვა, რომ ეს შეგნებულად იყო გაკეთებული და სპეციალურად ნამუშევარი, რომ ისეთ ვითარებამდე მისულიყო საქმე, რა დროსაც მეორე მხარეს ექნებოდა უფრო მყარი არგუმენტაცია, ვიდრე ჩვენ. თუ მდგომარეობა შეიცვალა და როგორც მინისტრმა მიანიშნა, იპოვეს ეს მასალები, ძალიან კარგია. ჩვენ გვჭირდებოდა რამდენიმე დოკუმენტის პოვნა, რომელიც ამ ვითარებას სრულად შეცვლიდა და თუ ეს მოიპოვეს, მართლა სასიხარულოა.
- რამე მნიშვნელოვანი რუკა იყო გამქრალი?
- მე, ჩემი სურვილით, აქტიურად ვიყავი ჩართული ამ რუკების მოძიების საქმეში. უბრალოდ კონკრეტულად ამ დოკუმენტზე ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ. დოკუმენტი არსებობდა სხვადასხვა წელს, ეს იყო 10-იანი, 20-იან 30 წლების და შემდგომი პერიოდის დოკუმენტები. სხვანაირად რომ გითხრათ, ამ დოკუმენტების ქსეროასლები არსებობს, მაგრამ კომისიის მუშაობისთვის, როცა იხილება დემარკაცია, დემილიტაციის საკითხები აუცილებელია ორიგინალი დუკუმენტების არსებობა. როგორც ჩანს, ის ორიგინალები, რაც დაკარგულად მიიჩნეოდა, იპოვეს.
- შინაარსზე რას იტყვით?
- იქ ახსნილია დეტალურად რომელი ტერიტორია ვისი კუთვნილებაა და ამ მასალებს ხელს აწერს ორივე მხარე, აქედან გამომდინარე, ის დოკუმენტი სადავო ვერანაირად გახდება. ერთადერთი საკითხი, რასაც ხაზი მინდა გავუსვა ისაა, რომ საზღვარი შორს არის დავით გარეჯის იმ სადაო მონაკვეთიდან, რაც დაპირისპირების საგანია. როგორც ჩანს, ის დოკუმენტები, რაზეც მე ვლაპარაკობ, უკვე ხელში აქვს ქართული მხარეს. მაშინ შეიძლება 1996 წლის შეთანხმებაც კი იყოს გადასახედი. მიმაჩნია, რომ 1996 წელს იმ კომისიაში საქართველოს მხრიდან, ვინც მუშაობდნენ მათგან, ერთ-ერთი მაინც სხვა ქვეყნის ინტერესს ემსახურებოდა.
იმ დაკარგულ რუკაზე კი, რაც საქართველოს მხარისთვის მნიშვნელოვანია, საერთოდ სხვანაირი კონფიგურაცია აქვს საზღვარს. რუკის და დოკუმენტების გაქრობა, ეს არ არის შემთხვევითი ამბავი... სახელი და გვარებით ვიცი ყველაფერი, ვინ რა გააკეთა, მაგრამ ახლა ამაზე არ ვისაუბრებ, როცა ასაკში შევალ, დავწერ მემუარებს.
გუშინდელ განცხადებაში მთავარი იყო აზერბაიჯანის მხარის ძალიან მოზომილი, თავშეკავებული პოზიცია.
წყარო: ambebi.ge