"პოლონეთი და იტალია ევროკავშირის ბიუროკრატიით დაიღალნენ", - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი თქმით, ვარშავასა და რომს "ევროკავშირის განახლება სურთ".
"პოლონელებს და იტალიელებს მობეზრდათ ევროპული ბიუროკრატიის დიქტატები და სურთ ნამდვილი დემოკრატია. ჩვენ გვინდა, განვაახლოთ ევროკავშირი მის სადამფუძნებლო პრინციპებთან დაბრუნებით", - აცხადებს პოლონეთის პრემიერი.
პოლონეთის მთავრობის მეთაურის თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რაზედაც იტალიასა და პოლონეთს საერთო პოზიცია აქვთ, უკრაინის მხარდაჭერაა.
"ვლადიმერ პუტინის ნეოიმპერიალისტური პოლიტიკა სერიოზული საფრთხეა არა მხოლოდ კიევისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის", - დასძენს მორავეცკი.
ჟურნალისტმა მორავეცკის სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რომელშიც ჯორჯია მელონი ამბობს, რომ გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, რაზედაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ბერლინის კრიტიკით უპასუხა.
"ჩვენ უკვე ვიხდით საფასურს გერმანელი პოლიტიკოსების შეცდომებისთვის, მაგრამ ყველაფერი ბერლინის გადასაწყვეტი რომ იყოს, ახლა ბუნებრივი აირი გაცილებით ძვირი იქნებოდა", – განაცხადა მორავეცკიმ.