სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელება იკრძალება.
ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომლის ასახვაც "მაუწყებლობის შესახებ" კანონში იგეგმება. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მისი ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.
პროექტის მიხედვით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონს სპეციალური მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს პირის ან ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ან ასაკის ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე.
ამავე პროექტით, იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ტერორიზმისკენ მოწოდებას შეიცავს.
პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, როგორც წესი, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამების გავრცელების, ისევე როგორც პასუხის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები, შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების მიერ რეგულირდება.