ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირების ფაქტი შეაფასა.
"მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ მაგ მოსამართლეების გულშემატკივარი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, მაგრამ რა ხდება ახლა - პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და კიდევ რაღაცა არევა უნდათ. თურმე საქართველოში იმ სასამართლოსთან შედარებით, რაც იყო, დიდი განსხვავებაა. ქართველი ხალხის სახელით გამოდიან. მე ამერიკელებთან ყოველთვის საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა. დღესაც კარგი ურთიერთობა მაქვს და მინდა, რომ ჩემს სახელმწიფოსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ჩვენ არ ვართ ის ერი, ვიღაცის დაპყრობა მოვინდომოთ, მაგრამ ის ერიც არ ვართ ერთის მონობიდან მეორის მონად ვიქცეთ. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ ვერც რუსმა, ვერც ევროპელმა, ვერც ამერიკელმა, ვერც ჩინელმა, ვერც თურქმა, ვერც ირანელმა და ვერც სხვამ იბატონოს ჩვენზე. არ მჭირდება ისეთი მთავრობა, რომელიც ვიღაცის მონა-მორჩილი იქნება, დაუტკაცუნებენ თითს და ისე მოიქცევა. აბა, ამერიკას გაუბედე და მასე გაუკეთე.
ძალიან ცუდი მიმართვები გვაქვს - ჩვენ ევროპასთან, ევროპას ჩვენთან, ჩვენ ამერიკასთან, ამერიკას ჩვენთან და საბოლოოდ რა მივიღეთ? რაღაც კინკლაობაში გადავიდა, რა. და ვინ გაიხარებს ამით? - გინდა არ გინდა, ეს უცხოეთი რუსის საქმეს აკეთებს, ამის შემდეგ, რაც არ უნდა თქვან ახლა", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხს "რევოლუციისთვის იყენებენ".
"ამ ევროკავშირის კანდიდატობაც ჭირი გაგვიხდა ჩვენ, რა. იყენებ ამას. რა თქმა უნდა, ქართველ კაცს უნდა წესიერი და კარგი ცხოვრება. არ მიგიღებენ და პრობლემას გიქმნიან - რუსული მთავრობა, რუსული ეს, თვითონ რუსები, რა. კომუნისტური მოლდოვა, კორუფციაში ჩამხრჩვალი უკრაინა მიიღეს, თუმცა უკრაინა ომის მდგომარეობაშია. მიიღონ არავისი გვშურს, მაგრამ ჩემთან რევოლუციურ სცენარს რატომ მიწერ თუ არ მინდა?!", - განაცხადა მეუფემ.
როგორც მეუფე იაკობი აღნიშნავს, ამერიკულმა და ქართულმა მხარემ ერთმანეთთან უნდა მოილაპარაკონ და წყენები დაივიწყონ.
"მე ვფიქრობ, რომ სრულიად საკმარისია. ამერიკელებმა და ჩვენებმა დროზე დაილაპარაკონ, რაც იყო იყო. ის წყენები უნდა დაივიწყო, იმიტომ, რომ წინ უფრო დიდი რაღაცებია. ერთი რამე იცოდნენ, საქართველოს არავისთან უნდა ცუდი ურთიერთობა. თუ დახმარება უნდათ, არა თუ კანდიდატად უნდა მიგიღონ, არამედ მიგიღონ ევროკავშირში, რა. პოლარიზება ხომ დამთავრდება", - განაცხადა მეუფე იაკობმა.