24.11.2024 | 19:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მეუფე შიო: "მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო"

მისი უწმინდესობის ღვაწლი - ეს არის ჭეშმარიტად გაგრძელება წმინდა ანდრია პირველწოდებულის ღვაწლისა, ვინაიდან მან ამ ურთულეს ათწლეულებში, რომლებიც ჩვენმა ერმა გამოიარა, შეძლო ეკლესიის აღორძინება, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს განცხადებით, პატრიარქის ღვაწლი ასევე არის ვახტანგ გორგასლის საქმის გაგრძელება, რადგან "ვახტანგ გორგასალმა ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია მოუტანა, უწმინდესობამ კი ავტოკეფალიის აღიარება მოიპოვა".

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენება. ეს ორი განსაკუთრებული წმინდანია ჩვენთვის, ვინაიდან წმინდა ანდრია პირველწოდებულმა პირველმა იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში და დააფუძნა ქრისტეს ეკლესია ჩვენთან,ხოლო წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით ჩვენმა ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია და იკურთხა პირველი კათოლიკოსი პეტრე,რომლის ხსენებასაც ასევე დღეს აღვასრულებთ.

აი, ამ ორ დიდ წმინდანს რამდენიმე საუკუნე აშორებს ერთმანეთისგან, მაგრამ ორივე მათგანი ერთ დიდ საქმეს ემსახურებოდა - ქრისტეს სახარების ქადაგებისა და ეკლესიის განმტკიცების დიდ საქმეს. ეს აერთიანებთ მათ და ორივე მათგანს კარგად ესმოდა, რა არის მთავარი ადამიანისთვის ამ ცხოვრებაში, რისთვის ღირს სიცოცხლე, რისთვის ღირს თავდადება და სიკვდილი.

სწორედ ამაზე გვმოძღვრავს ჩვენ დღეს წაკითხული სახარების მონაკვეთი, სადაც მოთხრობილია უფალ იესო ქრისტეს პირველი მოწაფეების გამორჩევის შესახებ. წმინდა იოანე ნათლისმცემელი მიუთითებს იესო ქრისტეზე თავის ორ მოწაფეს, ანდრიასა და იოანეს და იტყვის: "აი, ტარიგი ღვთისა", ე.ი. აი, კრავი ღვთისა. საერთოდ, ეს მონაკვეთი გამოირჩევა თავისი მესიანური შინაარსით. "კრავი ღვთისა" - ეს მესიანური სახელწოდებაა. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში იყენებდნენ. მაგალითად, ამ სახელწოდებას იყენებენ წმინდა ისაია წინასწარმეტყველი და იოანე მოციქულიც თავის "გამოცხადებაში".

შემდეგ სახარება არ მოგვითხრობს, რა გრძნობები ჰქონდა ანდრიას, როცა მან შეიტყო იოანესგან, რომ იესო ქრისტე არის მესია, მაგრამ იგი მაშინვე მიდის თავის ძმასთან, სვიმონთან, მომავალ პეტრე მოციქულთან და ეტყვის მას: "ჩვენ ვიპოვეთ მესია". ამ სიტყვებიდან შეიძლება დავასკვნათ მისი განწყობის შესახებ, რამდენი ნუგეშია მის სიტყვებში, როგორი დაკმაყოფილებულია იგი, როგორი იმედია ამ სიტყვებში მომავალი ცხოვრებისა, რომელიც იქნება სავსე საღვთო სიმართლითა და ჭეშმარიტებით - "ჩვენ ვიპოვეთ მესია!"

შემდეგ ამავე სახარებაში ფილიპე ეტყვის ნათანაელს: "ჩვენ ვიპოვეთ ის, ვისზეც რჯულში დაწერა მოსემ და წინასწარმეტყველებმა, იესო ნაზარეთიდან". ნათანაელი ეტყვის მაცხოვარს: "რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა! შენ ხარ მეფე ისრაელისა!"

ამდენად, მოციქულთათვის იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მესიის პოვნა, რომ მათ მიატოვეს ყველაფერი, გაჰყვნენ ქრისტეს და შემდგომ ქრისტეს სახარების ქადაგებისთვის თავიც გასწირეს.

სახარების ეს მონაკვეთი სწორედ ამას გვასწავლის, რომ მესიის პოვნა არის უმთავრესი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. იპოვო მესია, აღიარო უფალი იესო ქრისტე, როგორც ძე ღვთისა, როგორც მხსნელი სოფლისა და ემსახურო მას სულითა და ჭეშმარიტებით - აი, ეს არის უმთავრესი, ეს არის სულის ცხონება, ეს არის საუკუნო სიცოცხლე. როგორც თავად უფალი იესო ქრისტე ბრძანებს თავის ლოცვაში: "ის არის საუკუნო სიცოცხლე, რომ ადამიანები იცნობდნენ ჭეშმარიტ ღმერთს, ზეციერ მამას და მის მიერ მოვლენილ იესო ქრისტეს".

ვინაიდან ადამიანი არის მარადიული არსება, მარადიული სულის მქონე, მოწოდებული საუკუნო სიცოცხლისა და მარადისობისთვის, შესაბამისად, ვინც რჩება მესიის გარეშე, ის რჩება ამ საუკუნო სიცოცხლის გარეშე.

დაბოლოს, ამ სახარებაში არის უფალ იესო ქრისტეს შესანიშნავი სიტყვები: "ამიერითგან თქვენ იხილავთ გახსნილ ზეცას და ანგელოზებს აღმავალთ და ჩამომავალთ კაცის ძეზე". ეს "ძე კაცისაც", როგორც იცით, მესიანური სახელწოდებაა. ამას უფალი თავად ამბობს.

რას ნიშნავს - "გახსნილ ზეცას იხილავთ"? ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გვესმოდეს. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში "გახსნილი ზეცა" ნიშნავდა უფლის განსაკუთრებული წყალობის მოვლინებას. წმინდა დავით მეფსალმუნე ამბობს: "და უბრძანა ღრუბელთა ზეგარდამო და განახვნა ბჭენი ცათანი". აქაც ასე, გადატანით უნდა გვესმოდეს ეს სიტყვები, რომ მესიის მოსვლის შემდეგ დაიწყება განსაკუთრებული წყალობის მოვლინება ადამიანებზე და ჩვენი შინაგანი, სულიერი თვალით ვიხილავთ განსაკუთრებულ სიახლოვეს ღმერთისა და ანგელოზებისა ადამიანებთან.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ეს გახსნილი ზეცა იხილეს მოციქულებმა, იხილა წმინდა ანდრია პირველწოდებულმა როგორც თავისი სულიერი, ასევე ფიზიკური თვალითაც და ეს დიდება და სიხარული მოიტანა ჩვენამდე. ამიტომ ჩვენ ვმადლობთ დღეს მას. პირველ რიგში, უფალს ვმადლობთ და წმინდა ანდრია პირველწოდებულს ამ დიდი ღვაწლისთვის. რა დიდი ნუგეშია ჩვენთვის, ყველასთვის, ვინაიდან ამიერიდან რაგინდ ცოდვილი იყოს ადამიანი, რაგინდ დაცემულობიდან იწყებდეს ქრისტესკენ სიარულს, მისთვის მაინც შესაძლებელია სინანულიც, გამოსწორებაც და უფალთან მიახლებაც.

დღეს მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს. თქვენ იცით, რომ სულ რამდენიმე დღეში შესრულდება 45 წელი მისი კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებიდან და 90 წელი დაბადებიდან. ეს ორი დიდი თარიღი გვიახლოვდება. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი უწმინდესობის ღვაწლი - ეს არის ჭეშმარიტად გაგრძელება წმინდა ანდრია პირველწოდებულის ღვაწლისა, ვინაიდან მან ამ ურთულეს ათწლეულებში, რომლებიც ჩვენმა ერმა გამოიარა, შეძლო ეკლესიის აღორძინება. ასევე არის გაგრძელება წმინდა ვახტანგ გორგასლის დიდი საქმისა და ღვაწლისა, ვინაიდან თუ ვახტანგ გორგასალმა ჩვენ, ჩვენს ეკლესიას მოუპოვა ავტოკეფალია,მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ თავისი ღვაწლით მოიპოვა ჩვენთვის ამ ავტოკეფალიის აღიარება,რაც ასევე უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახლავთ.

ჩვენ ვხედავთ, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო, ნაყოფიც არის მისი მსახურებისა სამოციქულო და ჩვენ ვმადლობთ, როგორც შვილები, მას ამისთვის, ვუსურვებთ დღეგრძელობას და სულიერ სიძლიერეს. ღმერთმა გააძლიეროს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, უფალმა ინებოს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და მფარველობით, წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლის ლოცვით, უფალმა გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს საქართველო, ამინ!

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აჯილდოებს სასულიერო პირებს: დეკანოზი თეიმურაზ ბარაბაძე ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით, აქსიოს! მღვდელი თომა შავთვალაძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! მღვდელი ანტონ წერეთელი აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! მღვდელი გიორგი ხანთიძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! მღვდელი დავით ბერაძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! მღვდელი გიორგი ჭიაბრიშვილი აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! მღვდელი ირაკლი დუმბაძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!",- განაცხადა მეუფე შიომ.

დღის გადაცემები