ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ჩვენი ამცხოვრებისეული ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ და ყოველთვის ვუმზერდეთ მაცხოვრის, ჩვენი საღვთო ჯვრის მტვირთველის, მაგალითს. დღეს არის აგრეთვე მწუხარების დღეც - აღინიშნება სოხუმის დაცემის დღე, ერთადერთი გამოსავალი, გზა ჩვენი შემდგომი ცხოვრებისა არის შერიგება, ურთიერთპატიების თხოვნა და გააზრება იმისა, რომ ჩვენი მომავალი და გადარჩენის საწინდარი არის მხოლოდ ერთიან სახელმწიფოში, საქართველოს სახელმწიფოში, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) განაცხადა.
მისი თქმით, ჯვარი არ არის მარტო ის ჯვარი, რომელზეც ჯვარს ეცვა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, არამედ ჯვარში იგულისხმება ასევე სულიერი ჯვარიც.
"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს - ჯვართამაღლების დღესასწაულს.დღეს ჩვენ თაყვანს ვცემთ პატიოსან და ცხოველსმყოფელს ჯვარსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ვიხსენებთ მის მაცხონებელ ღვაწლს, რომელიც მან აღასრულა გოლგოთაზე ჯვარცმის ჟამს; მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჯვარი არ არის მარტო ის ჯვარი, რომელზეც ჯვარს ეცვა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, არამედ ჯვარში იგულისხმება ასევე სულიერი ჯვარიც; სულიერი ჯვარი, რომელიც შედგება ადამიანთა ცოდვებისგან, განსაცდელებისგან, ოჯახური სირთულეებისგან, სნეულებებისგან, ახლობელთა დაკარგვისა და იმ მცირე ჯვრებისგან, რომლებიც ადამიანებმა უნდა ზიდონ თავიანთ ცხოვრებაში.
ხშირად წმინდა მამები ამ ჯვრებს მცირე ჯვარს უწოდებენ. ამიტომ უნდა გვახსოვდეს ყველას სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყოს თავი თვისი, აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე". ეს არის ერთადერთი გზა სულის გადარჩენისა.
მაგალითად, ერთხელ წმინდა ბასილი დიდს ჰკითხეს, თუ როგორია ის ადამიანი, რომელიც ქრისტეს შეუდგა, რა ნიშან-თვისებაა ამისი. მან უპასუხა, რომ მხოლოდ ის ადამიანი არის მიმართული ღვთის ნებისკენ და ცხოვრობს ღვთის ნებით, ვინც მიიღო ეს წინადადება უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი, რომ "უარყავ თავი შენი, აღიღე ჯვარი შენი და შემომიდექი მე". შემდეგ წმინდა ბასილი დიდი დასძენს: „იმიტომ, რომ ვინც არ უარყოფს თავის თავს და არ იღებს თავის ჯვარს, იგი შემდგომ საკუთარ თავშივე აწყდება ძალიან ბევრ წინააღმდეგობას ქრისტეს შედგომის გზაზე".
რას ნიშნავს "უარყავ თავი შენი"? - ეს ნიშნავს, რომ უარვყოთ ჩვენში ყოველივე ღვთის საწინააღმდეგო, ყოველი მანკიერება, ყოველი ცოდვა. საკუთარი თავის უარყოფას იმიტომ ადარებს უფალი, რომ ცოდვები იმდენად გაგვითავისდა ჩვენ, იმდენად ჩვენეულად იქცა, რომ ჩვენი მეორე ბუნება გახდა. ამიტომ ცოდვის უარყოფა გაუტოლდა საკუთარი თავის უარყოფას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს საკუთარი პიროვნების უარყოფას.
რას ნიშნავს "აიღო ჯვარი"? - ეს ნიშნავს, რომ დაითმინო ის ყვედრება, შეურაცხყოფა თუ დევნა, რასაც ეს ცოდვისმოყვარე წუთისოფელი ახორციელებს მორწმუნის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა დაითმინოს ის უხილავი მოწამეობა და ტანჯვა, რომელიც მოსდევს ვნებებთან ბრძოლას, ჩვენივე ცოდვებთან ბრძოლას, რაც მოსდევს ეშმაკთან ბრძოლას, ბოროტ სულებთან ბრძოლას, რომლებიც გააფთრებული გვებრძვიან ჩვენ. აი, ამათთან ჭიდილიც - ეს არის ჯვრის აღება, ეს უხილავი მოწამეობა და მოღვაწეობაა.
"აღიღო ჯვარი შენი" ასევე ნიშნავს სიმდაბლით, მორჩილებით დაითმინო ჩვენი ცოდვების გამო ღვთისგან დაშვებული მაკურნებელი და გამოსასწორებელი განსაცდელები თუ სირთულეები ამ ცხოვრებაში.
"ჯვარი შენი" ნიშნავს, რომ ეს ჯვრები, რომლებიც მე ახლა ჩამოვთვალე, არ უნდა იყოს მარტო ჩემი ჯვარი, არამედ უნდა გავხადო მე ქრისტეს ჯვრად. აი, მაშინ გვიმსუბუქდება ჩვენ ჯვრის ტვირთვა, მაშინ ეს ჯვარი ჩვენი მცირე ხდება მაცხონებელი და სამოთხეში მიმყვანებელი.
ამდენ რამეზე გვაფიქრებს ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელი დღე. ამრიგად, ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ჩვენი მცირე ამცხოვრებისეული ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ და ყოველთვის ვუმზერდეთ მაცხოვრის, ჩვენი საღვთო ჯვრის მტვირთველის, მაგალითს, იმიტომ რომ ზოგჯერ გვიჭირს ამ ჯვრის ზიდვა ჩვენ.
ასეთ წუთებში უნდა მივმართოთ მაცხოვარს ცნობილი სიტყვებით, როდესაც ჩვენ გამოვისახავთ ჯვარს და ვამბობთ ხოლმე, რომ „დამიფარე მე, უფალო, ძალითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა შენისათა“.
გილოცავთ დღევანდელ დღეს და უფალმა ინებოს, რომ დაიფაროს ყოველი თქვენგანი პატიოსანი ჯვრის ძალითა და მადლით, გიხსნათ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ! დღეს არის აგრეთვე მწუხარების დღეც - აღინიშნება სოხუმის დაცემის დღე. თქვენ იცით, არ არის შემთხვევითი, რომ ეს დღე დაემთხვა ჯვართამაღლებას და ეს ჯვრები, რომლებიც მე ჩამოვთვალე, შეიძლება ითქვას, რომ ჯვრად დაედო ეს მოვლენა როგორც ქართველ ერს, ასევე აფხაზებსაც. სოხუმის დაცემას თან ახლავს ათობით ათასი ადამიანის დაღუპვა, ასობით ათასი ადამიანის გაძევება თავისი მიწა-წყლიდან და სამშობლოდან, თავისი კუთხიდან.
მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს არაერთხელ უთქვამს, რაშიც ჩვენ ყველანი ვეთანხმებით, რომ ჩვენც - აფხაზებმაც და ქართველებმაც დიდი ცოდვა ჩავიდინეთ, როდესაც ერთმანეთზე ხელი აღვმართეთ. ერთადერთი გამოსავალი, გზა ჩვენი შემდგომი ცხოვრებისა, ვინაიდან უერთმანეთოდ ჩვენ ცხოვრებას ვერ შევძლებთ, არის შერიგება, ურთიერთპატიების თხოვნა და გააზრება იმისა, რომ ჩვენი მომავალი და გადარჩენის საწინდარი არის მხოლოდ ერთიან სახელმწიფოში, საქართველოს სახელმწიფოში. ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და დაგლოცოთ. ჯვრის პატიოსანმა ცხოველსმყოფელმა ძალამ გაამთლიანოს, გაახაროს და გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა, ამინ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.