24.11.2024 | 19:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მეუფე შიო: "ჩვენი ერი მუდამ დადიოდა ჭეშმარიტების გზით - ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც ილია II, მისი მეთაურობით, ჩვენი ეკლესია და ერი ერთგულია მართლმადიდებელი სარწმუნოებისა"

ჩვენი ერი მუდამ დადიოდა ჭეშმარიტების გზით, მუდამ იცავდა მართლმადიდებლობას, და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და, მისი მეთაურობით, ჩვენი ეკლესია და ერი ერთგულია მართლმადიდებელი სარწმუნოებისა , - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგებაშია ნათქვამი.

ქადაგებისას მან მორწმუნეებს მიულოცა დღევანდელი დღე, მართლმადიდებლობის ზეიმი და გადასცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოლოცვა და ლოცვა-კურთხევა.

ამასთან, მიტროპოლიტმა ისაუბრა კიდევ ერთ მოვლენაზე, რომლის თანახმად, 1990 წელს კონსტანტინოპოლში ილია II-ს და საქართველოს ეკლესიას გადაეცა ორი სიგელი, რომლებშიც V საუკუნიდან არსებული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება იყო მოცემული.

"თქვენ იცით, რომ ეს დღე დაწესდა ხატების თაყვანისცემის დადგინებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ დღეს არ აქვს მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა, არამედ უდიდესი სულიერი, სარწმუნოებრივი, დოგმატური მნიშვნელობა, ყოველი ჩვენგანის სულიერ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობის მქონე დღე გახლავთ.

იმჟამად განიხილებოდა საკითხი - შეიძლება, თუ არა ხატების თაყვანისცემა. წმინდა მამების წინაშე იდგა უმთავრესი კითხვა: შეიძლება თუ არა ღმერთის გამოხატვა ხატებზე, ღმერთისა, რომელიც უხილავი და მიუწვდომელია და, რა თქმა უნდა, არავის არასდროს უხილავს, როგორც ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი.

და აი, წმინდა მამებმა უპასუხეს ამ შეკითხვას, რომ ღმერთის გამოხატვა შეიძლება. რატომ? იმიტომ, რომ მოხდა განკაცება ღვთისა. ძე ღმერთის განკაცება მოხდა და განკაცებული ძე ღმერთის ერთ პიროვნებაში შეერთდა ორი ბუნება - საღვთო და ადამიანური. შეერთდა შეურევნელად და განუყოფლად და როდესაც ამ პიროვნებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი გამოვხატავთ ხატზე და თაყვანსა ვცემთ, ჩვენ ამ პიროვნებაში თაყვანს ვცემთ საღვთო ბუნებასაც და ადამიანურ ბუნებასაც. მაგრამ ხატზე არ გამოვსახავთ ღმერთის ბუნებას, ეს შეუძლებელია, მაგრამ ვინაიდან ერთ პიროვნებაში არის შეერთებული ორი ბუნება, ჩვენ თაყვანს ვცემთ ორივე ბუნებას. ასე ამბობს მართლმადიდებელი ეკლესია. მაგალითად, ღირსი იოანე დამასკელი წერს, რომ ჩვენ ქრისტეში ადამიანურ ბუნებასაც თაყვანს ვცემთ, ოღონდ არა უბრალოდ ლიტონ ადამიანურ ბუნებას, არამედ სწორედ საღვთო ბუნებასთან შეერთებულს.

ამრიგად, რატომ გახდა შესაძლებელი განკაცება ქრისტესი? იმიტომ, რომ ადამიანური ბუნება არის შექმნილი ღმერთის ხატად და მსგავსად. აი, ამას შეგვახსენებს დღეს ჩვენ წმინდა ეკლესია, რომ ყოველი ჩვენგანი მატარებელია ღმერთის ხატებისა.

და რატომ არის ეს დიდი მარხვის პერიოდში? იმიტომ, რომ დიდი მარხვის ჟამს ჩვენ უმეტესად ვუკვირდებით ჩვენს ცოდვებს და მარხვას გარკვეული მწუხარებაც ახლავს ამის გამო. წმინდა მამები გვაფრთხილებენ, რომ ხედვა მხოლოდ საკუთარი ცოდვებისა - ეს არის სახიფათო სულიერი ცხოვრებისთვის, თუ არ ხედავს ადამიანი ამ მეორე ნათელ მხარეს, რაც არის მასში. ეს არის ხატება ღვთისა.

აი, ამას გვაფრთხილებს დღეს ჩვენ წმინდა ეკლესია, თუ რა სიდიადეა ჩადებული ყოველ ადამიანში. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საფუძველიც მარხვისა და ჩვენი სულიერი ცხოვრებისა. ასეთია რწმენა ღვთისა და რწმენა ადამიანისა, რომელიც არავის, არცერთ ადამიანს არ აქვს, გარდა ქრისტიანისა, და არცერთ სარწმუნოებას არ აქვს, გარდა ქრისტიანულისა, რომ საფუძველი ჩვენი რწმენისა არის ჩვენი თანაზიარება ღმერთთან, ჩვენი სიდიადე. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ.

დღეს მინდა შევახსენოთ, რომ ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ დიდ მოვლენას. 1990 წელს კონსტანტინოპოლში ყოვლად უწმინდესმა მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს და მისი სახით საქართველოს ეკლესიას გადასცა ისტორიული მნიშვნელობის მქონე ორი სიგელი, რომლებშიც იყო აღიარება V საუკუნიდან არსებული ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიისა, ასევე იყო აღიარება და ცნობა ჩვენი ეკლესიის მეთაურის ტიტულისა, როგორც კათოლიკოს-პატრიარქისა. ეს იყო უდიდესი მოვლენა ჩვენს ისტორიაში, რომელიც მოხდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის უდიდესი ღვაწლით, შრომითა და ავტორიტეტით. მაშინ ხარობდა მთელი ერი, მთელი ეკლესია და ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით აღვნიშნავთ ამ დღეს. მადლობას ვუხდით ყოვლად უწმინდეს დიმიტრიოსს და ვიხსენიებთ მის ნეტარ სულს. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდით ჩვენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომლის მოღვაწეობაში ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. მაშინ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ასეთი სიტყვები ბრძანა, რომ ეს მოვლენა გახლავთ საბოლოო აღიარება ჩვენი ავტოკეფალიისა, რომელსაც ამიერიდან ვერავინ ვეღარ ხელყოფს, ვერავინ ვეღარ უარყოფს და ვერ შეეხება.

გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი, რომელიც მუდამ დადიოდა ჭეშმარიტების გზით, მუდამ იცავდა მართლმადიდებლობას, და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და, მისი მეთაურობით, ჩვენი ეკლესია და ერი ერთგულია მართლმადიდებელი სარწმუნოებისა. ინებოს უფალმა, რომ ასეც გაგრძელებულიყოს მრავალჟამიერ, უკუნისამდე, რამეთუ ეს გახლავთ მთავარი საწინდარი ჩვენი ერის გადარჩენისა, ამინ",- განაცხადა ქადაგებისას მიტროპოლიტმა.

დღის გადაცემები