მთავარი აზრი ამ ცხოვრების არის სიყვარულში, თანაც ქმედით სიყვარულში და არა მხოლოდ ემოციურ სიყვარულში, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე, რომ მოყვასი უნდა გვიყვარდეს ისე, რომ თავი დავდოთ მისთვის. ვეცადოთ აი ამ ამაოების მორევიდან გამოვიდეთ, თავი დავაღწიოთ, რომ დავფიქრდეთ მთავარზე ამ ცხოვრებაში. ჩვენს სულზე, ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე, იმაზე, თუ რას ვთესავთ ამ ცხოვრებაში, რა უნდა მოვიმკათ ჩვენ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მეუფე შიო განმარტავს, მოყვასი ისე უნდა გვიყვარდეს, რომ თავი დავდოთ მისთვის.
"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, ხორციელის კვირას, როდესაც არის ხსენება საშინელი სამსჯავროსი. ჩვენ ყველანი ვაღიარებთ სარწმუნოების სიმბოლოში, რომ გვწამს უფალი ღმერთი იესო ქრისტე, რომელიც კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ და აი დღეს წაკითხული სახარება გადმოსცემს საშინელი სამსჯავროს სურათს, გვიხატავს აი ამ სურათს ალეგორიულად, იგავური ფორმით.
რატომ ეწოდება საშინელი ამ სამსჯავროს? რა არის მასში საშინელი? არის ის, რომ როდესაც დადგება ეს დღე და ჩვენ წარვდგებით უფლის წინაშე, აღმოჩნდება რომ არასწორად ვცხოვრობდით. აღმოჩნდება რომ ჩვენი სული ცარიელია, მადლის გარეშეა, ჯეროვნად არ ვიღვაწეთ და იმიტომ რომ, მთავარი აზრი ამ ცხოვრების (დღევანდელი სახარება ამას გვაჩვენებს ჩვენ), არის სიყვარულში, თანაც ქმედით სიყვარულში და არა მხოლოდ ემოციურ სიყვარულში, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე რომ მოყვასი უნდა გვიყვარდეს ისე, რომ თავი დავდოთ მისთვის. არა მხოლოდ იმისთვის, ვინც ჩვენი ახლობელია და ვინც ჩვენ გვიყვარს, არამედ ყველასთვის. ყველა მოყვასია, ყველა, ვისაც ჩვენ ვჭირდებით, ყველას, ვისაც სჭირდება დახმარება და სიყვარული და აი დღეს, სახარებაში სწორედ უფალი მოგვითხრობს ჩვენ რაში მდგომარეობს ეს სიყვარული, რომ მოყვასის მსახურებას, მოყვასისადმი გამოვლენილ სიყვარულს უფალი იესო ქრისტე აიგივებს თავის თავთან, მის მსახურებასთან, მის სიხარულთან აიგივებს. და აი ჩვენ რომ იქ წავდგებით, მაშინ მივხვდებით იმას რომ ჩვენ შეგვეძლო, გვქონდა ამის დრო რომ, გვყვარებოდა ღმერთიც, გვყვარებოდა მოყვასიც, როგორც უფალი გვასწავლის, გვყვარებოდა საკუთარი თავიც მართებულად, როგორც ამას ასევე გვასწავლის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომ დაგვენახა საკუთარ თავში სიდიადე ჩვენი ხატებისა და მსგავსებისა, ღმერთის ხატებისა. სიდიადე ჩვენი მოწოდებისა, როგორც ამბობს პეტრე მოციქული რომ ჩვენ ვართ მოწოდებულნი რომ საღვთო ბუნების თანაზიარნი გავხდეთ.
წარმოიდგინეთ, როგორი სიდიადეა ადამიანის ბუნებაში. და აი ჩვენ შეიძლება გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ამ ყველაფრის მიღმა დავრჩით. ჩაგვიარა ამ ყველაფერმა, ისე ვიცხოვრეთ. აი, ამაში მდგომარეობს ეს საშინელება. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება უმეტესწილად მიმდინარეობს ამაო საზრუნავებში, როგორც მორევში, ვართ ჩათრეული აი ამ ამასოფლიურ ამაოებაში და თითქოს თავს ვიმართლებთ იმით რომ დრო არ გვრჩება რომ ვიფიქროთ მთავარზე და სულიერზე, ასევე თავს ვიმშვიდებთ იმითაც რომ ღმერთი მოწყალეა, რომ ღმერთმა შეიწყალა უძღები შვილი, ღმერთმა შეიწყალა ავაზაკი, უფალმა აპატია მეძავს. აი, ამით ვიმშვიდებთ თავს. რათქმაუნდა, უფალი მოწყალეც არის და ჩვენც შეგვიწყალებს უფალი, მაგრამ, ჩვენ გვავიწყდება რომ ამათ ყველამ გამოიჩინეს უდიდესი სინანული და დიდი რწმენა.
ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, აი ამ კვირა დღეს, როდესაც მარხვამდე რჩება ერთი კვირა, ჩვენ წმინდა ეკლესია გვაფრთხილებს, რომ სიკვდილი ცოდვილისა არის ძალიან მძიმე. და რომ ეს საშინელი სამსჯავრო არ არის რაღაც საფრთხობელა და რაღაც მოგონილი რამ, არამედ არის სინამდვილე, რომელსაც თავად უფალი იესო ქრისტე ჩვენ გვასწავლის.
თუ წინა კვირას ჩვენ, ვიმეორებ, უძღები შვილის სინანულზე და შეწყალებაზე გვესაუბრებოდა წმინდა ეკლესია, დღეს ჩვენ გვაფხიზლებს, მოგვიწოდებს სიფხიზლისკენ, რომ ვეცადოთ აი ამ ამაოების მორევიდან გამოვიდეთ, თავი დავაღწიოთ, რომ დავფიქრდეთ მთავარზე ამ ცხოვრებაში. ჩვენს სულზე, ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე, იმაზე, თუ რას ვთესავთ ამ ცხოვრებაში, რა უნდა მოვიმკათ ჩვენ. აი, ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენ ჩვენი წმინდა ეკლესია და უფალმა ინებოს რომ ჩვენ შევისმინოთ ეს მოწოდება. ვინაიდან, ეს არის სიკვდილის და სიცოცხლის საკითხები. და ინებოს უფალმა რომ ჩვენ ავირჩიოთ სიცოცხლე, სიცოცხლის გზა, რომელიც დაგვაყენებს ჩვენ მარჯვენით ღვთისა და რომელიც შეგვიყვანს სასუფეველში, მამისა და ძისა და სულისა წმინდისა, რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნისამდე, ამინ!
დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, ვლოცავთ შემდეგ გვარებს: კეწელაშვილებს, ბეჟანიძეებს და ბაბლუანებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გამრავლოთ. ჩვენთან არს ღმერთი!",- აღნიშნა მეუფე შიომ.