წლებია უკვე რაც, საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტთან ერთად მედიკამენტებზე ფასებიც კატასტროფულად იზრდება. წამლები უკვე ხელმიუწვდომელი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის გახდა. პენსიონერები და სოციალურად დაუცველები ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის აუცილებელ წამლებს ვეღარ ყიდულობენ. ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზარი მონოპოლიზებულია და სახელმწიფოს ჯერ-ჯერობით არც ნება და არც კონტროლის მექანიზმი არ გააჩნია. მედიკამენტების გაზრდილი ფასები მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა და ისინი მძიმე სოციალურ ფონზე ღიად საუბრობენ.
ხალხის ხმა გვიან შემოესმათ მთავრობის ადმინისტრაციაში. აღიარებენ, რომ ფარმაცევტული ბაზარზე მანკიერი სქემები არსებობს, რის გამოც ფასები ხელოვნურად იზრდება. ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ჰპირდება, რომ აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად საკანონმდებლო ორგანოს დეკემბერში აუცილებლად მიმართავს. „ქართულმა ოცნებამ“ პრობლემებზე საუბარი მმართველობის მეათე წელს დაიწყო.
მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ მიხვდნენ კანონმდებლებიც, რომ წამლებზე ფასები უკონტროლოდ იზრდება და თვლიან, რომ პრობლემა სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ამბობენ, რომ ქაოტური მდგომარეობიდან გამოსვლის გზები სახელმწიფოსთან ერთად ბიზნეს წარმომადგენლებმაც უნდა ეძებონ.
დარჩება თუ არა მთავრობის მეთაურის ინიციატივა კეთილ სურვილად პროგნოზის გაკეთება მარტივი არ არის, რადგან ფარმაცევტულ კომპანიებს საკუთარი ლობისტები ხელისუფლების ყველა შტოში ჰყავთ, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში. სააფთიაქო ბიზნესის წარმომადგენლებს გზა ხსნილი აქვთ, გამდიდრდნენ ღარიბი მოსახლეობის ხარჯზე.