დადგა ის ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში, ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე ნორმატიული ჩარჩო შეიძლება შემუშავდეს, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და აგრეთვე მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ძალიან სამწუხაროა, რომ არის მცდელობა, მაღალმა პოლიტიკურმა ვნებებმა გადმოინაცვლოს სასამართლოში. სხვანაირად ჩემთვის წარმოუდგენელია ის უპრეცედენტო და გაუგებარი გადაწყვეტილება, რაც მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სამი მოქმედი უვადო მოსამართლის და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირების თაობაზე. სასამართლო წლების განმავლობაში იდგა არაერთი გამოწვევის წინაშე, მაგრამ მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ არც ერთხელ, არცერთ ეტაპზე ისეთი რეალური, ნამდვილი და ხელშესახები მიღწევა არ ყოფილა, როგორც იყო კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა. შესაბამისად, მე ვერ მივიღებ ვერც ერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის შესახებ. ჩემი მოთხოვნის მიუხედავად, არ მომეწოდა არა თუ დასაბუთებული მტკიცებულებები, არამედ ვარაუდიც კი იმაზე, თუ რა გახდა ჩემი კოლეგების დადანაშაულების საფუძველი. ამიტომ მე მათ სრულ თანადგომას ვუცხადებ. მიუხედავად სახელმწიფოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციისა, სადაც ერთ-ერთი გახლავთ სასამართლო სისტემა, ამის მიღმაც კი, ქართული მართლმსაჯულება ყველა მოცემულობით, ყველა ასპექტში, ყველა პარამეტრით წინ უსწრებს არაერთ მეგობარ და მეზობელ ქვეყანას. შესაბამისად, ჩემთვის ჩნდება მძიმე განცდები, რომ ეს ინფორმაცია არ გამოიყენონ ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე მიმავალ რთულ და ძალიან ღირებულ, მნიშვნელოვან გზაზე. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, აქედან გამომდინარე ვიტოვებ იმედს, რომ შესაბამისი უწყებებისა და თანამდებობის პირების მხრიდან ეს საკითხი აუცილებლად გადაიხედება",- აღნიშნა ნინო ქადაგიძემ.
ქადაგიძემ ასევე ისაუბრა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მიზეზებზეც.
"ჩვენ ჩავთვალეთ, რომ დადგა ის ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე ნორმატიული ჩარჩო შეიძლება შემუშავდე. ამაზე ჩვენ პრემიერთანაც ვისაუბრეთ. ნორმატიული ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და აგრეთვე მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას. მე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ირაკლის და ვფიქრობ, რომ მისი მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემისთვის", - აღნიშნა ნინო ქადაგიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.