"მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაცია" თბილისის საკრებულოს მიმართავს, ჩასწორდეს 2023 წლის 27 იანვარს მიღებული დადგენილება, ავარიული სახლების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.
როგორც "მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაციაში" განმარტავენ, დადგენილების მიხედვით "ავარიული სახლების ჩანაცვლება მესაკუთრეების სრული თანხმობის გარეშე მოხდება, რის შედეგადაც საკუთრების უფლება ირღვევა".
"მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაციის" იურისტის, გიორგი მათიაშვილის თქმით, მესაკუთრეების თანხმობის გარეშე უძრავი ქონების ჩანაცვლება შეუძლებელია.
"საკრებულოს მიერ 2023 წლის 27 იანვარს მიღებული კონკრეტული დადგენილება, ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების საკითხთან დაკავშირებით პრობლემას წარმოადგენს. კონკრეტულად კი მეხუთე მუხლის მეორე ნაწილი, სადაც პირდაპირ და ცალსახად მითითებულია, რომ მესაკუთრეების თანხმობის გარეშე შესაძლებელია უძრავი ქონების ჩანაცვლება. ჩვენ პრობლემა დავინახეთ საკუთრების უფლების ჭრილში. მოგეხსენებათ, საკუთრების უფლება არის ფუნდამენტური უფლება, აუცილებელია მესაკუთრეების თანხმობა არსებობდეს, მათთან აუდიენცია და შეთანხმება შედგეს", - აღნიშნავს იურისტი.
აღნიშნულ საკითხს დედაქალაქის საკრებულოც გამოეხმაურა. საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე განმარტავს, რომ მოსახლეობის ავარიული კორპუსიდან ახალ კორპუსში საცხოვრებლად გადასაყვანად მათი სრული თანხმობაა საჭირო.
"ჩვენთვის გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არის ატეხილი. დადგენილებაში ნახსენებია, რომ უნდა არსებობდეს კონკრეტული პროექტი, ადგილი, სადაც ინიციატივა იქნება მოსახლეობის მხრიდან, რომ მათ სურთ ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობა. თუ მოსახლეობა არ იქნება თანახმა, ეს პროექტი არ განხორციელდება",- აღნიშნავს სოხაძე.
ცნობისთვის, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მოსახლეობის ავარიული კორპუსიდან ახალ კორპუსში გადასაყვანად მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების ჩანაცვლებას განახორციელებს არა იმ ტერიტორიაზე, სადაც ავარიული სახლი დგას, არამედ სხვა მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოსახლეობის ავარიული კორპუსიდან ახალ კორპუსში საცხოვრებლად გადასაყვანად მათი სრული თანხმობაა საჭირო.