მწვანე სტატუსის პირველი დღე, უკმაყოფილო მოქალაქეები და ახალი გამოწვევა ბიზნესისთვის. დოკუმენტმა, რომელიც ფაქტობრივად მოქალაქეთა სეგრეგაციას ახდენს, პირველი უკუეფექტი უკვე მოახდინა - ვიზიტორთა ნაკლებობა შესამჩნევი იყო კვების ობიექტებთან. იძულებით სიახლესთან დაკავშირებით პრეტენზიები უკვე გამოითქვა რესტორატორთა ასოციაციაში.
პანდემიის მართვის პერიოდში მთავრობამ და საკოორდინაციო საბჭომ არაერთი ალოგიკური გადაწყვეტილაბა მიიღო. საწყის პერიოდში იკრძალებოდა ავტომობილში წინა სავარძელზე ოჯახის წევრის მგზავრობა, ხსნარებით რეცხავდნენ ქუჩებს და ავტომობილის საბურავებს. არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია ხელისუფლების გადაწყვეტილებამაც მწვანე სტატუსთან დაკავშირებით. ნაწილისთის მწვანე პასპორტი დისკრიმინაციულია, ნაწილისთვის კი იძულება. მომხმარებლები დღეს შესაბამისი მომსახურეობის მისაღებად გარკვეულ დაბრკოლებებს გადააწყდნენ. მოუწიათ დამღლელ რიგში დგომაც.
მწვანე პასპორტმა წითელი შუქი ბიზნესის ზოგიერთ სექტორს უკვე აუნთო. გასართობ და კვების ობიექტებში მომხმარებლის შემცირება პირველივე დღიდან იგრძნობა. სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებს დღეს მომხმარებლების ობიექტიდან გაშვებაც კი მოუწიათ, რაც თავის მხრივ ბიზნესს გარკვეულ წილად დააზარალებს.