"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 5 0000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა, თუმცა საბოლოოდ, მას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით მოუწევს.
"ნიკა გვარამია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 -ე მუხლის მესამე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლდეს. ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის „ა“, „დ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით. ნიკა გვარამია ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (2015 წლის ეპიზოდი), თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (2019 წლის ე.წ. ავტომობილის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ნიკა გვარამიას დაეწყოს 2022 წლის 16 მაისიდან. ნიკა გვარამიას მიმართ აღმკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა. ყადაღის და ნივთმტკიცებების ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად“,- განაცხადა კოლეგიის თავმჯდომარემ მერაბ ჯორბენაძემ.
რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილს, მათ მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა, რომლის მიხედვითაც, კახაბერ დამენიას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.
„სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის მე-20 მუხლით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 297-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მეორე ნაწილით და 302-ე მუხლით და დაადგინდა, კახაბერ დამენიას ინტერესების დამცველი ადვოკატის, კახაბერ წერეთელისა და მსჯავრდებულ ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველი ადვოკატის ქეთევან ჩომახაშვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორების, ვლადიმერ ვექელიანის და ზვიად გუბელაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ზურაბ იაშვილი სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს. ზურაბ იაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინებით რუსუდან გაფრინდაშვილის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა. სსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, გამართლებულ ზურაბ იაშვილს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
კახაბერ დამენიას მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 220-ე მუხლით. კახაბერ დამენია ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით, თანხის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით. კახაბერ დამენიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინებით კახაბერ დამენიას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა" - აღნიშნა მოსამართლემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოყენებას, დაცვის მხარე კი, მათ გამართლებას ითხოვდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარია და კახაბერ დამენია დამნაშავედ იქნა ცნობილი, ზურაბ იაშვილი კი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, ცნობილი იქნა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც "პორშესა" და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.
კახა დამენიას, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით "რუსთავი 2"-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვას გულისხმობს, 220-ე მუხლით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, გადაკვალიფიცირდა და მას ჯარიმა 50 000 ლარი დაეკისრა.
ზურაბ იაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.
გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე "რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით "რუსთავი 2"-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედებოდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული.კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედებოდა, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. მას ასევე, აკრძალული ჰქონდა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედებოდა კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.