"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგები დატოვა პარტიის სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანმა ნიკა ობოლაძემ. მან ტელეკომპანია „ფორმულის" ეთერში განაცხადა, რომ ამ პარტიაში ვერ ხედავს ძალას, რომელიც შეძლებს ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს.
"საბოლოო ჯამში, ამ ფორმაციის "ნაციონალურ მოძრაობაში" მე ვერ ვხედავ იმ ძალას და იმ ენერგიას, რომელიც შეძლებს ქვეყანა ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში გამოიყვანოს კრიზისიდან.
მე მაინტერესებს პოლიტიკაც და ეს ქვეყანაც, შესაბამისად, თუ მე შევძლებ და მექნება ხერხი, რომ რამე შევცვალო, შევცვლი, იმიტომ რომ "ნაციონალური მოძრაობა" ჩემთვის, მათ შორის, იყო ხერხი, რომ რაღაც შემეცვალა უკეთესობისკენ. მე ამ ხერხს ვეღარ ვხედავ "ნაციონალურ მოძრაობაში", - თქვა ობოლაძემ.
როგორც ობოლაძემ აღნიშნა, რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა ინიციატივით, მათ შორის, "ნაციონალურ მოძრაობაში" რაღაც ახლის დაწყების შესახებ, რაც მოიცავდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას. "მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივამ კულისებს მიღმა დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, საჯაროდ ამან ვერ მოიპოვა მხარდაჭერა. ამიტომ ახლა თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დღეიდან არ გესაუბრებით "ნაციონალური მოძრაობის" სახელით", - თქვა ობოლაძემ.
პოლიტიკოსმა 27 სექტემბერს "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა, რომ ტოვებდა პარტიის "ე.წ. ჩათებს, რადგან იქ არ დევს პოლიტიკის კეთების ლეგიტიმაცია, ლეგიტიამცია ხალხშია და პოლიტიკოსებმა ის არჩევნებით უნდა მოვიპოვოთ".