24.11.2024 | 23:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნიკა სიმონიშვილი: "მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნა ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემაში "კლანური" ძალაუფლება შენარჩუნდება და კიდევ უფრო მეტად იქნება გამყარებული"

ჩინჩალაძის დანიშვნა ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემაში "კლანური" ძალაუფლება შენარჩუნდება და კიდევ უფრო მეტად იქნება გამყარებული, - ასე აფასებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძის კიდევ ერთი ვადით დანიშვნას. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ, 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია.

როგორც მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგების წარდგენისას აღნიშნა, კანონმდებლობის ცვლილების გარეშე მსგავსი გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო მეტად ვნებს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და ცხადია, რომ ხელისუფლებას რეფორმის გატარება არ სურს.

"სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი არის საკვანძო პოზიცია, რომელსაც არ თმობს „კლანი“ და მისი ძალაუფლების განმტკიცებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა. ევროკავშირის რეკომენდაციებში არ არის საუბარი ცალკეულ მოსამართლეზე ან პოზიციებზე, საუბარია ფუნდამენტურ რეფორმებზე, რომლებიც გულისხმობს, მათ შორის საბჭოში გადაწყვეტილების წესის მიღებას, მის დაკომპლექტებას და სხვას. კანონმდებლობის ცვლილების გარეშე ასეთი გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო მეტად ვნებს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს.

ცხადია, რომ ხელისუფლებას არ სურს რეფორმის გატარება. დაშვება იმის, რომ სასამართლოში ასეთი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული და რეფორმის გარეშე ასეთი ნაბიჯები გადაიდგას, არის ცალსახად კლანისთვის და ხელისუფლებისთვის სასარგებლო", - აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე იუსტიციის საბჭოში წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი განაცხადი მიხეილ ჩინჩალაძის მიერ, რომელიც ამავე თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა, ხოლო 5 - წლიანი მუშაობის ვადა მას მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ამოეწურა.

დღის გადაცემები