სრულიად ვაღიარებთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ ბაქოც იგივეს გააკეთებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება რეალური გახდება, თუ ორივე მხარე მკაფიოდ, ორაზროვნების გარეშე, ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და ერთხელ და სამუდამოდ ვალდებულებას აიღებს ერთმანეთს ტერიტორიული პრეტენზიები არ წაუყენოს", - განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, აღნიშნული დებულება აზერბაიჯანულ მხარესთან 2022 წლის ოქტომბერში პრაღასა და სოჭში უმაღლესი დონის ბოლო შეხვედრებზე შეთანხმდა.
"მინდა განმეორებით ვთქვა, რომ სომხეთის რესპუბლიკა სრულიად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ აზერბაიჯანიც იგივეს გააკეთებს და აღიარებს სომხეთის სსრ-ის ტერიტორიას როგორც სომხეთის რესპუბლიკას", - აღნიშნა ფაშინიანმა.
როგორც მედია წერს, აღნიშნული ნაბიჯი ფაქტობრივად მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღიარებას ნიშნავს, რომელიც საბჭოთა დროს აზერბაიჯანის სსრ-ში შედიოდა.
ცნობისთვის, სომხეთი უარყოფს აღნიშნულ რეგიონში თავის სამხედრო ჩართულობას და ამტკიცებს, რომ იქ ყარაბაღის ადგილობრივი თავდაცვის ძალები არიან განლაგებული.