ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე, საქართველოს პარლამენტის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, ასამბლეის ფარგლებში სულ სამი კომიტეტი ფუნქციონირებს, შესაბამისად, აღნიშნული კომიტეტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორმატს ასამბლეაში.
"კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევით, ნიკოლოზ სამხარაძე აგრეთვე გახდა ასამბლეის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს - ბიუროს წევრი.
ნიკოლოზ სამხარაძის გარდა თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იყო ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლის, კირიაკოს ჰაჯიანისის კანდიდატურა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია ბირმინჰემში, გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.